აშშ-ის ხელისუფლებამ ქვეყანაში ხუთი მსხვილი ჩინური კომპანიის პროდუქციის გაყიდვა აკრძალა, მათ შორის Huawei-სა და ZTE-ის. ამ გადაწყვეტილების მიზეზად ეროვნულ უსაფრთხოებასთან დაკავშირებული მიზეზები სახელდება.
პოპულარული სმარტფონების მწარმოებელი Huawei-სა და ZTE-ს გარდა, აშშ-ში აიკრძალა ისეთი კომპანიის პროდუქციის გაყიდვა, როგორებიცაა Hikvision-ი, Dahua და Hytera. ეს უკანასკნელნი დაკავებულნი არიან ვიდეოთვალთვალის სისტემებისა და რადიოკავშირის მოწყობილობების წარმოებასთან.
აშშ-ს კომუნიკაციების ფედერალურმა კომისიამ განაცხადა, რომ ეს გადაწყვეტილება ერთხმად იქნა მიღებული. „ყველაზე მნიშვნელოვანი ამოცანა [კომისიის] ჩვენი ეროვნული უსაფრთხოების დაცვაა, ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ჩვენს ტერიტორიაზე ამ მოწყობილობების გამოყენება არ მოხდეს. უნდა დავიცვათ ამერიკელი მოქალაქეების ეროვნული უსაფრთხოება სატელეკომუნიკაციო სფეროში და ეს ღონისძიებები ამ ქმედების მნიშვნელოვანი ნაწილია“, - განაცხადა დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ჯესიკა როზენვორსელმა.