აშშ-ში პრემიუმ კლასის ღვინოების დახლზე ქართული ღვინო „მტევინო“ გამოჩნდება. კომპანიამ ექსპორტთან დაკავშირებული მოლაპარაკებები აშშ-სთან წარმატებით დაასრულა. ექსკლუზიური ხელშეკრულება ამერიკელ იმპორტიორებთან უკვე გაფორმებულია და სულ მალე, ამერიკელი მომხმარებელი ოთხი სახეობის ქართულ ღვინოს დააგემოვნებს. მტევინოს გენერალური დირექტორის ლელა კობიაშვილის თქმით, ეს ღვინოებია: მტევინო რქაწითელი, ხაშმის საფერავი, მტევინოს მუკუზანი და ხაშმის საფერავი ქვევრში.
"აშშ-ის ბაზარი ჩვენთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ბაზარი იყო . ძალიან გვინდოდა, რომ ამ ქვეყანაში ჩვენი ღვინო ექსპორტზე გასულიყო და დღეს უკვე, პირველი პროდუქცია - 7 ათასი ბოთლი გავაგზავნეთ. მათ შორის, ქვევრის ღვინის რაოდენობა არის 1500 ბოთლი. დახლზე „მტევინოს“ ღვინო მსოფლიოს პრემიუმ კლასის ღვინოების გვერდით განთავსდება და მისი საშუალო ფასი 8 დოლარი იქნება.
მინდა გითხრათ, რომ ეს არის დასაწყისი, ვინაიდან უკვე მივიღეთ შემდეგი შეკვეთა და ნოემბრის დასაწყისში ანალოგიური რაოდენობის ღვინო აშშ-ში კვლავ გაიგზავნება. ამბობს „მტევინოს“ გენერალური დირექტორი ლელა კობიაშვილი და გვიყვება,რომ ხელშეკრულებით, ამერიკელ იმპორტიორებთან წლიურად მინიმუმ 55-60 ათასი ბოთლის გაგზავნა იგეგმება.
„ნიმუშები გვქონდა გაგზავნილი აშშ-ში, რამდენიმე სომელიესთან დეგუსტაცია ჩატარდა, მათ მოიწონეს ღვინის ხარისხი და შემდგომ გამოითქვა შეკვეთებთან დაკავშირებით სურვილი,“- აღნიშნავს ლელა კობიაშვილი.
კომპანია „მტევინო“ ქართულ ბაზარზე ოპერირების მცირე დროისა, აქტიურად არის ჩართული ექსპორტთან დაკავშირებულ მოლაპარაკებებში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანასთან. აღსანიშნავია, რომ პანდემიის პერიოდში კომპანიამ კიდევ 2 მილიონი დოლარის ინვესტიცია მოიზიდა. ქართული ღვინის კომპანია 2020 წლის ბოლომდე ჩინეთში 500 000 - მდე ბოთლით 7 სახეობის ღვინოს გაიტანს. ასევე ნიმუშები აშშ-ს მსგავსად გადაგზავნილია ევროპის რამდენიმე ქვეყანაში და ამ ეტაპზე კომპანია დეგუსტაციის შედეგებს ელოდება.
კომერსანტი