აშშ უკრაინისთვის 2 მილიარდ დოლარზე მეტი ღირებულების სამხედრო დახმარების პაკეტს გამოყოფს. ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის წარმომადგენელმა გენერალმა პატრიკ რაიდერმა ბრიფინგზე გამოაცხადა.
სამხედრო დახმარების ახალი პაკეტის მთლიანი ღირებულება 2.175 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს.
ახალ პაკეტში 181 დაჯავშნილი მანქანა, საშუალო რადიუსის მოქმედების HAWK-ის ორი საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი, 4 საჰაერო დაზვერვის რადარი, 20 რადარი, საზენიტო ქვემეხები და მათთვის საბრძოლო მასალა შევა.
ამას გარდა, აშშ-ის სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი ასევე ითვალისწინებს Javelin-ის 250 ერთეულს, 155 მმ კალიბრის საარტილერიო საბრძოლო მასალას, ნაღმმტყორცნების 120 მმ კალიბრის ნაღმებს და 190 მძიმე ტყვიამფრქვევს.
ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ ამერიკული სამხედრო დახმარების მორიგ პაკეტში უკრაინა პირველად მიიღებს შორი მოქმედების რაკეტებს. საუბარია GLSDB ტიპის ჭკვიან ბომბებზე, რომელსაც სამიზნის განადგურება 150 კილომეტრის რადიუსში შეუძლია.