აშშ–ის არგონის ეროვნულ ლაბორატორიაში ბირთვული რეაქტორის ციფრული ორეული შექმნეს. ამ მოდელის ბაზაზე მკვლევრები ნეიროქსელს მონაცემების შეგროვებას, გაუმართაობების აღმოჩენას ატომური ელექტროსადგურის მუშაობაში და სადგურის ოპერატორებისთვის რეკომენდაციების მიცემას ასწავლიან.
ჯერჯერობით ხელოვნურ ინტელექტს ატომური ელექტროსადგურის ძირითადი კომპონენტების მუშაობის დიაგნოსტირება და კონტროლი შეუძლია. ახლო მომავალში სპეციალისტები ნეიროქსელს მაჩვენებლების სიგნალების ინტერპრეტირებას და პერსონალისთვის კონკრეტული რეკომენდაციების მიცემას შეასწავლიან.
როგორც წესი, ატომური ელექტროსადგური ასობით, ან ათასობით სენსორითაა აღჭურვილი, რომლებიც სისტემის მუშაობას აკვირდებიან. თითოეული სენსორის, სარქვლის, ტუმბოებისა და სხვა მოწყობილობების კონტროლს დღეს ადამიანები ახორციელებენ. მეცნიერები ირწმუნებიან, რომ ამ სამუშაოს თავის თავზე აღებას ნეიროქსელი შეძლებს.
აღნიშნული მოდელის ადაპტირება ნებისმიერი ტიპის ატომურ ელექტროსადგურზე იქნება შესაძლებელი. მკვლევრების თქმით, ამან შეიძლება გააიაფოს ელექტროენერგიის წარმოება და ინდუსტრიას წელიწადში დაახლოებით $500 მლნ–ის დაზოგვის შესაძლებლობას მისცემს.