ბორჯომის რაიონში ორი წლის წინ არქეოლოგებმა მცენარეების მტვერი აღმოაჩინეს. სპეციალური გამოკვლევების შედეგად კი დასტურდება, რომ ბორჯომში უძველესი დროის თაფლი აღმოაჩინეს და საქართველო თაფლის ქვეყნად ითვლება. მიუხედავად ამისა, ქართული თაფლის ბაზარზე არაფერი შეცვლილა და სექტორი დახმარებას სახელმწიფოსგან ელოდება.
„ უდიდესი პოტენციალია აუთვისებელი რომელსაც საქართველო ფლობს, მეფუტკრეებს კი სახელმწიფოს მხრიდან ხელშეწყობა გვჭირდება“-ამის შესახებ „კომერსანტს“ საქართველოს მეფუტკრეთა გაერთიანების წარმომადგენელი, ალეკო პაპავა ესაუბრა.
„გვეგონა რომ ორი წლის წინანდელი არმოჩენის შემდეგ სასიკეთოდ შეიცვლებოდა თაფლის ინდუსტრია, თუმცა სოფლის მეურნეობის სამინისტროს ამისთვის არაფერი გაუკეთებია. გორის ქარხანა რომელიც უნდა ჩაშვეულიყო წარმოებაში, სამუშაო პროცესები არც კი დაძრულა ადგილიდან. წელს შესაძლოა გაიხსნას მაგრამ სრულად 2021 წელს დაიტვირთება. ესეც ერთგვარი ხელის შემშლელი ფაქტორია. თაფლის ბაზარი რომ განვითარდეს, აუცილებლად უნდა მოეწყოს ინფრასტრუქუტურა, მაღალი ალპური საზღვრებისაკენ გზა მისაყვანია.
კოვიდამდე უნდა გვქონოდა შეხვედრები სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან, თანფლის სუბსიდირების თაობაზე. იმედია შეხვედრა უახლოეს პერიოდში განახლდება. რადგან წელს გვაქვს მოსავალი და თუ მისი სწორად რეალიზაცია არ მოხდა, დარგი ნამდვილად ჩაკვდება,“-აცხადებს ალეკო პაპავა.
საქართველოს მეფუტკრეთა გაერთიანების წარმომადგენლის თქმით, ბოლო რამდენიმე წელია ქართული ბაზრის მხრიდან თაფლის ექსპორტი ჩავარდა.
„ შარშან შედარებით გამოსწორდა მდგომარეობა, წელს კი კორონავირუსი დაემთხვა. ერთ-ერთი კომპანია რომელიც მუშაობდა თაფლის ექსპორტზე და გაიტანა ათი ტონა თაფლი, თუმცა პანდემიამ შეაფერხა და ჯერ ვერ ახერხებს სამუშაო პროცესის განახლებას. პარალელურად ვმუშაობთ თემებზე, რამდენიმე ქვეყანასთან გვაქვს მოლაპარაკება, თაფლის ნიმუშებს ითხოვენ თავიანთი ბაზრებისთვის. ველოდებით როგორ განვითარდება მოვლენები და მას შემდეგ დავასახელებთ პოტენციურ ბაზრებს,“-აღნიშნა პაპავამ.
აღსანიშნავია, რომ ქართველი არქეოლოგები ფიქრობენ, რომ ქართული თაფლი ეგვიპტურზე ორი ათასი წლით ძველია. აქამდე მიიჩნეოდა, რომ ყველაზე ძველი ნიმუში ტუტანხამონის სამარხში იყო ნაპოვნი. კვლევებმა აჩვენა, რომ საქართველოში აღმოჩენილი თაფლი დაახლოებით 5500 წლისაა, ტუტანხამონის საფლავში ნაპოვნი ნიმუში კი 3500 წლის წინ არის დამზადებული.მეცნიერების აზრით, სამარხში აღმოჩენილი ქალის ნეშთი პირველ მეფუტკრეს ეკუთვნის, რომელსაც სამარხში სხვადასხვა სახეობის თაფლი ჩაატანეს.
თუ არქეოლოგების აღმოჩენა მეცნიერულად დადასტურდა, საქართველო შესაძლოა თაფლის სამშობლოდ იქნეს აღიარებული.
ნათია ლომიძე