ჰუმანიტარული კრიზისის გამო ავღანელებს საკუთარი ორგანოების გაყიდვა უწევთ. “თალიბანის” ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ქვეყანამ მილიარდობით დოლარის ღირებულების საერთაშორისო დახმარება დაკარგა. ამას დაემატა გვალვა და მწირი მოსავალი.
ქალაქ ჰერატში ავღანელები თირკმლის გასაყიდად კლინიკასთან რიგში დგანან. ადამიანის თირკმლის ფასი ადრე ორი ათასი დოლარი იყო, თუმცა დონორების რაოდენობის ზრდის გამო მისი ღირებულება ათას ხუთას დოლარამდე შემცირდა.
ავღანეთის 38 მილიონიანი მოსახლეობის 90 პროცენტი საერთაშორისო დახმარებაზეა დამოკიდებული. გაეროს ცნობით, ავღანელების დასახმარებლად ხუთი მილიარდი დოლარის შეგროვებაა საჭირო.
შეგახსენებთ, თალიბანი თურქმენული გაზის მიწოდებით ყოველწლიურად 500 მილიონ დოლარს მიიღებს. TAPI პროექტის განხორციელება ავღანეთის, პაკისტანის, ინდოეთის და თურქმენეთის მონაწილეობით 2015 წლიდან მიმდინარეობს. მისი ღირებულება 10 მილიარდი დოლარია.მილსადენი ენერგიით მდიდარ ცენტრალურ აზიას სამხრეთ აზიის ენერგიით ღარობ ქვეყნებთან დააკავშირებს. პროექტის შესაბამისად, 33 მილიარდ კუბურ მეტრამდე გაზის ტრანსპორტირება მოხდება ყოველწლიურად თურქმენეთის გალკინიშის გაზის საბადოდან ქალაქ ფაზილკაში, ინდოეთის შტატ პენჯაბში, ავღანეთისა და პაკისტანის გავლით 1814 კილომეტრიანი მილსადენით.
ავღანეთის ეკონომიკის მნიშვნელოვანი ნაწილი ნარკოტიკებია. თალიბების ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, ნარკოტიკების წარმოება ქვეყანაში არათუ არ შემცირდა, არამედ გაიზარდა. ადრე ავღანეთი განთქმული იყო ჰეროინით, დღეს კი ის მეტამფეტამინის წარმოების ერთ-ერთო მსოფლიო ცენტრი გახდა.
წყარო: "ევრონიუს საქართველო"