ავღანეთში უცნობი დაავადებით 80 ადამიანი დაინფიცირდა. ადგილობრივი ექიმების თქმით, დაავადების მთავარი სიმპტომები მაღალი სიცხე და ცხვირიდან სისხლდენაა. არსებობს ინფორმაცია ორი გარდაცვლილი ბავშვის შესახებ.
უცნობი დაავადება ავღანეთის პროვინცია ზაბულაში, შაჰჯოის რაიონში დაფიქსირდა. ამის შესახებ ინფორმაცია ტელეკომპანია Tolo News-მა საზოგადოებრივი ჯანდაცვის ადგილობრივი დირექტორის, აბდულა ჰაკიმ ჰაკიმის განცხადებაზე დაყრდნობით გაავრცელა.
საზოგადოებრივი ჯანდაცვის დირექტორმა განაცხადა, რომ საეჭვო დაავადება შაჰჯოის რაიონში გავრცელდა და მისი ძირითადი სიმპტომები მაღალი ცხელება და ცხვირიდან სისხლდენაა.
როგორც გამოცემა წერს, ამ დროისთვის 80 ადამიანია ინფიცირებული და ორი ბავშვია გარდაცვლილი.