ორ ქვეყანას შორის დადებული გარიგების მიხედვით, ავსტრალიაში თითქმის ნახევარი მილიონი დოზა კოვიდვაქცინა - „ფაიზერი“ ჩაიტანეს, - ამის შესახებ Al Jazeera წერს.
მომდევნო კვირების განმავლობაში, ქვეყანა კიდევ რამდენიმე მილიონ დოზას მიიღებს, რადგან, ბრიტანეთის გარდა, ავსტრალიის მთავრობას შეთანხმება აქვს დადებული სინგაპურთანაც და, ჯამურად, 4.5 მილიონი დოზა „ფაიზერს“ მიიღებს.
ავსტრალიის დედაქალაქის გარდა, ქვეყნის კიდევ ორი უდიდესი ქალაქი - სიდნეი და მელბურნი ჩაკეტილია. მოსახლეობას, სპეციალური საშვების გარდა, სახლის დატოვება ეკრძალება. მთავრობის თქმით, შეზღუდვა შემსუბუქდება, თუ 16 წელს გადაცილებული პირების 70% მაინც აიცრება.
სინგაპურთან და ბრიტანეთთან დადებული გარიგების თანახმად, წლის ბოლომდე, ავსტრალიამ ამ ქვეყნებს იმავე რაოდენობის ვაქცინები უნდა დაუბრუნოს.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.
imedinews.ge