ავსტრალიამ რუსეთის 14 სახელმწიფო საწარმოს, მათ შორის თავდაცვის სფეროსთან დაკავშირებულ სუბიექტებს, როგორიცაა სატვირთო მანქანების მწარმოებელი Kamaz და გადამზიდავი კომპანიები SEVMASH და United Shipbuilding Corp, მიზანმიმართული ფინანსური სანქციები დაუწესა, - CNN-ის ინფორმაციით, ამის შესახებ ავსტრალიის საგარეო საქმეთა მინისტრის, მარის პეინის განცხადებაშია აღნიშნული.
მისი განმარტებით, სანქციები ასევე გავრცელდება ელექტრონულ კომპანია Ruselectronics-ზე, რომელიც პასუხისმგებელია რუსული ელექტრონული კომპონენტების დაახლოებით 80%-ის წარმოებაზე და „რუსეთის რკინიგზაზე“.
„რუსეთის სახელმწიფო საწარმოების წინააღმდეგ სანქციების დაწესება, ძირითად პარტნიორებთან კოორდინაციაში, ძირს უთხრის მათ შესაძლებლობებს, გააძლიერონ რუსეთის ეკონომიკა. რუსეთის მთავრობის შემოსავლის ამ მნიშვნელოვან წყაროებთან ურთიერთობის აღკვეთით, ჩვენ ვზრდით ზეწოლას რუსეთზე და ვამცირებთ მის შესაძლებლობას განაგრძოს პუტინის ომის დაფინანსება“, - აღნიშნა ავსტრალიის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.
ცნობისათვის, ავსტრალიას ამ დროისთვის სანქციები დაახლოებით 600 ფიზიკური პირისა და ორგანიზაციის წინააღმდეგ აქვს დაწესებული, მათ შორის რუსეთის საბანკო სექტორის უმეტესობისა და ყველა იმ ორგანიზაციის, რომელიც ქვეყნის სუვერენულ ვალზეა პასუხისმგებელი.
აღსანიშნავია, რომ ავსტრალიამ უკრაინას თავდაცვის აღჭურვილობა და ჰუმანიტარული მარაგიც მიაწოდა, ასევე აკრძალა ალუმინის და ალუმინის მადნების, მათ შორის ბოქსიტის, ექსპორტი რუსეთში.