ავსტრალიის მთავრობა ნოვაკ ჯოკოვიჩის დეპორტაციას მანამ არ განახორციელებს, სანამ სასამართლო საბოლოო გადაწყვეტილებას არ მიიღებს. ამის შესახებ სასამართლოს საგანგებო სხდომაზე ავსტრალიის მთავრობის ადვოკატმა, სტივენ ლოიდმა განაცხადა.
ნოვაკ ჯოკოვიჩის ადვოკატმა, ნიკოლას ვუდმა აღნიშნა, რომ მისი კლიენტის ვიზა გაუქმდა არა იმიტომ, რომ ჯოკოვიჩი ვაქცინირებული არ იყო, არამედ იმიტომ, რომ ამას ავსტრალიაში ვაქცინაციის საწინააღმდეგო მოძრაობის გააქტიურება მოჰყვებოდა.
სერბი ჩოგბურთელის საქმეზე სასამართლო პროცესი კვირას, 16 იანვარს გაიმართება. დღეს ავსტრალიის ხელისუფლებამ ნოვაკ ჯოკოვიჩს ვიზა მეორედ გაუუქმა.
10 იანვარს, ავსტრალიის სასამართლომ დაადგინა, რომ ნოვაკ ჯოკოვიჩი დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს საიმიგრაციო პატიმრობიდან და მიიჩნია, რომ მთავრობის გადაწყვეტილება ჩოგბურთელისთვის ვიზის გაუქმების შესახებ არაგონივრული იყო.
მოსამართლემ გააკრიტიკა ნოვაკ ჯოკოვიჩის მელბურნის აეროპორტში რამდენიმე საათის განმავლობაში დაკითხვა და აღნიშნა, რომ როგორც დაკითხვა, ასევე ვიზის გაუქმება არაგონივრული ნაბიჯი იყო.
4 იანვარს, ნოვაკ ჯოკოვიჩმა განაცხადა, რომ Australian Open-ში მონაწილეობას მიიღებს, ვინაიდან სამედიცინო მიზეზით ვაქცინაციისგან გათავისუფლება მიიღო. ნოვაკ ჯოკოვიჩი 16 დეკემბერს კორონავირუსით დაინფიცირდა და ამის საფუძველზე ვაქცინაციისგან გათავისუფლდა. ადვოკატების თქმით, ჯოკოვიჩმა დროებითი ვიზა მიიღო, ხოლო ავსტრალიის ჩოგბურთის ასოციაციამ მას კოვიდინფიცირების საფუძველზე „ვაქცინაციისგან სამედიცინო გათავისუფლება“ მიანიჭა.
imedinews.ge