ავსტრალიის სანაპიროზე მალე ათობით ქარის გიგანტურ ფერმას ვიხილავთ. ოფშორული ქარის ტურბინები სიდნეის ერთ-ერთ ღირსშესანიშნაობაზე, ჰარბორის ხიდზე თითქმის ორჯერ მაღალი იქნება.
ავსტრალიის მთავრობამ უკვე დაასახელა ქარის ელექტროსადგურების მშენებლობისთვის შესაბამისი 6 ლოკაცია. ტურბინები კონტინენტის სახრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში მდებარე სამ სანაპირო ქალაქთან (გიპსლენდი, ვოლოგონგი და ნიუკასლი) აშენდება. მათი სიმაღლე ზღვის დონიდან 260 მეტრი იქნება, ხოლო ტურბინების ფრთების სიგრძე - 100 მეტრზე მეტი.
აღსანიშნავია, რომ ბოლო 20 წელიწადში ქარის ტურბინების ზომა საშუალოდ 60%-ით გაიზარდა. ქარის სადგურების მშენებელი კომპანიები ცდილობენ უფრო მაღალი ტურბინები ააგონ, რადგან რაც უფრო მოშორებულია ინფრასტრუქტურა მიწისგან, მით უფრო ძლიერი და მუდმივი ქარის რესურსი აქვს მას. გარდა ამისა, დიდ ქარის ტურბინებს უფრო იაფი ელექტროენერგიის გენერირება შეუძლიათ, რადგან მათი ქვესადგურთან დაკავშირება და ექსპლუატაცია შედარებით ნაკლებ ხარჯებთან არის დაკავშირებული.
წყარო: GREDA-საქართველოს განახლებადი ენერგიის განვითარების ასოციაცია