თბილისში არსებული საქალაქთაშორისო ავტოსადგურები ახლებურად მოეწყობა. აღნიშნულთან დაკავშირებით დედაქალაქის მთავრობა უახლოეს მომავალში ტენდერის გამოცხადებასაც გეგმავს. როგორც მერიაში ამბობენ, აღნიშნულ პროცესში ავტოსადგურების ტერიტორიის მესაკუთრეებიც ჩაერთვებიან.
მერიის ამ ინიციატივას „დიდუბის ავტოსადგურის“ დირექტორი დადებითად აფასებს და ამბობს, რომ ამ საკითხზე და ზოგადად, საქალაქთაშორისო მგზავრთა გადაყვანის სისტემის მოწესრიგებას უკვე წლებია ითხოვს. ნესტორ მიქატაძის თქმით, რეგულაცია პირველი წინ გადადგმული ნაბიჯია სფეროს მოწესრიგების გზაზე.
„ახალი რეგულაციით რეალურად იცვლება ტექნიკური რეგლამენტი საქალაქთაშორისო მგზავრების გადაყვანისა და ბარგის გადატანის საკითხში. ამის შემდეგ მუნიციპალიტეტი გადაწყვეტს, კონკრეტულ ტერიტორიაზე შეიძლება თუ არა ავტოსადგურის მოწყობა და ეკონომიკის სამინისტროს სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტო მიიღებს გადაწყვეტილებას.
რეგულაციის შედეგი იქნება დიდწილად სექტორის მოწესრიგება, რასაც სრულად ვეთანხმებით. ჩვენ, მზად ვართ ამ წესების შესრულებისათვის და განუხრელად დავიცავთ მას.
წლებია ვამბობ, რომ ეს სფერო მოსაწესრიგებელია და წლებია ეკონომიკის სამინისტროს ვწერ წერილებს კონკრეტული პრობლემების მოგვარებისათვის, მაგრამ აქამდე გვეუბნებოდნენ, რომ კანონპროექტი შემუშავების ეტაპზე. ახლა პირველი ნაბიჯები გადაიდგა მოწესრიგებისთვის. ავტოსადგურების ნაწილი ვერ აკმაყოფილებს მოთხოვნებს, ან რეგისტრირებულია, მაგრამ აღარც ფუნქციონირებს. ჩვენ ეს პრობლემა არ გვაქვს. დიდუბის ავტოსადგური მზად არის ახალი რეგულაციების მისაღებად“, - ამბობს, ნესტორ მიქატაძე.
სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს ინფორმაციით, თბილისში ჯამში 24 საქალაქთაშორისო ავტოსადგურია, აქედან პირველი კლასის ავტოსადგური მხოლოდ სამია - შპს „ოკრიბა“, სს „თბილისის ცენტრალური ავტოვაგზალი“ და შპს „ლილო ჩარტერი“. მეორე კლასისაა 6 ავტოსადგური, ხოლო მესამე კლასის - 15.
bpn.ge