ფინანსთა მინისტრმა და ვიცე-პრემიერმა ივანე მაჭავარიანმა 31 მარტს თანამდებობა დატოვა და ამის შესახებ სოცილურ ქსელში ვრცელი პოსტი გამოაქვეყნა.
ბოლო 2 თვის განმავლობაში მეორე მინისტრის თანამდებობიდან გადადგომა ბიზნესმენთა ნაწილისთვის სიახლე არ ყოფილა. საქართველოს ბიზნეს ასოციაციის თავმჯდომარის სოსო ფხაკაძის განცხადებით, ყოფილ მინისტრს ბიზნესთან თანამშრომლობის კარგი ფორმები ჰქონდა და ისურვებდა, რომ ახალ მინისტრს სწრაფი გადაწყვეტილებების მიღების უნარი შესწევდეს.
„ფინანსთა მინისტრ ვანო მაჭავარიანთან გვქონდა ძალიან კონსტრუქციული, პროფესიული და კარგი თანამშრომლობა. ამ ადამიანს პატივს ვცემ როგორც პროფესიონალს და ნებისმიერ საქმიანობაში წარმატებას ვუსურვებ. როგორც მე მქონდა ინფორმაცია, ეს ადამიანი რამდენიმე თვის წინ აპირებდა თანამდებობის დატოვებას, ადამიანები იცლებიან და ეს ბუნებრივი პროცესია. მან ძალიან კარგი კვალი დატოვა როგორც ფინანსთა მინისტრმა და ბიზნესთან კარგი თანამშრომლობის ფორმებიც ჰქონდა.
ახალი მინისტრისგან საჭიროა სწრაფი გადაწყვეტილებები. მესმის რომ გადაწყვეტილების მიღებას განსჯა და ფიქრი სჭირდება, მაგრამ მინისტრს უნდა შესწევდეს უნარი მოისმინოს თემა და სწრაფად მიიღოს გადაწყვეტილება. ახლა არ არის ის პერიოდი, რომ გადაწყვეტილება 3-6 თვით შემოდო თაროზე. მე ასეთ მინისტრს მოვიაზრებ და ვინც არ უნდა იყოს ის, ვურჩევდი რომ სწრაფი გადაწყვეტილებები მიიღოს, რათა ეკონომიკა კრიზისიდან გამოვიდეს,“ - ამბობს სოსო ფხაკაძე.
East Gate Group-ის სამეთვალყურეო საბჭოს ხელმძღვანელისთვის ბიზნესმენ ირაკლი იაშვილისთვის ფინანსთა ყოფილი მინისტრის გადაწყვეტილება გადადგომის შესახებ სიახლე არ ყოფილა. ბიზნესმენი ივანე მაჭავარიანის საქმიანობას განსაკუთრებით პანდემიის პერიოდში დადებითად აფასებს და მიიჩნევს, რომ ფინანსთა სამინისტრომ უწყების პირველი პირების ცვლილების გამო კურსს არ უნდა გადაუხვიოს.
„ჩემთვის პირადად სიახლე არ ყოფილა ვანო მაჭავარიანის მიერ პოსტის დატოვება. ვიცი, რომ მას წასვლა უნდოდა და მთავრობის ამ შემადგენლობაში არც აპირებდა დარჩენას. დარჩა ცოტა ხნით, რადგან რაღაც საქმეები ბოლომდე უნდა მიეყვანა. კაცია და გუნება, მას აღარ სურდა სახელმწიფო სამსახურში მუშაობა. გამიკვირდა კიდეც მთავრობის ახალ შემადგენლობაში მისი დასახელება, ახლა კი ყველაფერი თავის ადგილას დადგა.
ეს ფინანსთა მინისტრი რომ კარგად მუშაობდა ფაქტია, მან განსაკუთრებით კარგად იმუშავა საერთაშორისო ორგანიზაციებთან - სავალუტო ფონდთან, მსოფლიო ბანკთან და ამ კუთხით გვქონდა საკმაოდ კარგი შედეგები. ერთ-ერთი პირველები ვიყავით, ვინც თანხები მოიზიდა პანდემიის პერიოდში და ეს დამსახურებები არ უნდა დავუკარგოთ. ვნახოთ ვინ იქნება შემდეგი მინისტრი, მთავრია ფინანსთა სამინისტრომ გააგრძელოს ის პოლიტიკა, რასაც ადგას და პერსონების ცვლილებამ არ უნდა გამოიწვიოს მკვეთრი გადახვევები კურსიდან,“ - განმარტავს ირაკლი იაშვილი.
ივანე მაჭავარიანმა ფინანსთა მინისტრის თანამდებობა 2018 წლის 12 ივნისს დაიკავა, ვიცე-პრემიერის პოსტი კი, 2021 წლიდან.
თანამდებობის დატოვების შესახებ განცხადება მან სოციალურ ქსელში გაავრცელა:
“საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიასთან წარმატებით დავასრულეთ მოლაპარაკებები „გაფართოებული დაფინანსების მექანიზმით“ მხარდაჭერილი პროგრამის მერვე მიმოხილვაზე. ფონდის აღმასრულებელ დირექტორთა საბჭოს სხდომაზე მისი დამტკიცების შემდეგ, საქართველოსთვის ხელმისაწვდომი გახდება დამატებითი ფინანსური რესურსი.
საქართველო არის ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელმაც გლობალური პანდემიის დაწყებიდან მალევე, პარტნიორებისგან (მსოფლიო ბანკი, საერთაშორისო სავალუტო ფონდი, ევროკავშირი) მიიღო მნიშვნელოვანი მხარდაჭერა. ჩემთვის განსაკუთრებით საამაყოა, რომ მქონდა შესაძლებლობა, აქტიური მონაწილეობა მიმეღო ამ მოლაპარაკებებში.
მინდა გაცნობით ჩემი გადაწყვეტილება, დავტოვო ვიცე-პრემიერისა და ფინანსთა მინისტრის თანამდებობა. უნდა ვთქვა, რომ ფინანსთა მინისტრად, დაახლოებით, სამწლიანი მუშაობის შემდეგ, თანამდებობიდან წასვლას ჯერ კიდევ გასული წლის ბოლოს ვგეგმავდი, თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ წინ გველოდა 2021 წლის კრიზისული ბიუჯეტის დამტკიცების პროცედურა, ასევე, მნიშვნელოვანი მოლაპარაკებები საერთაშორისო სავალუტო ფონდთან პროგრამის დასრულების თაობაზე, გადავწყვიტე ეს გადაწყვეტილება რამდენიმე თვით გადამედო.
ჩემთვის პატივი და ამავე დროს, დიდი პასუხისმგებლობა იყო მემუშავა „ქართული ოცნების“ პოლიტიკურ გუნდთან ერთად - მთავრობის ხელმძღვანელებთან, ჩემს კოლეგებთან მინისტრთა კაბინეტში, პარლამენტის წევრებთან.
მსურს, პრემიერსა და მთავრობის წევრებს, პოლიტიკურ გაერთიანება „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ვუსურვო წარმატება ყველა იმ გამოწვევის დაძლევაში, რომლის წინაშეც დღეს დგას ჩვენი ქვეყანა. დიდი მადლობა მათ ამ რთულ, გამოწვევებით სავსე პერიოდში, ასე ერთიანად და კოორდინირებულად მუშაობისთვის.
მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მტკიცე თანამშრომლობისათვის, ასევე, მადლობა გადავუხადო ჩვენს პარტნიორებს - საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების, დონორი ორგანიზაციების ხელმძღვანელებს, მათ რეგიონულ წარმომადგენლობებს, საქართველოში მოქმედ დიპლომატიურ კორპუსს. პანდემიის საპასუხოდ, ჩვენ სწორედ მათი მხარდაჭერით შევძელით საკმაოდ დიდი მოცულობის რესურსების მოძიება, რაც გვეხმარება პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში. ჩემთვის სასიამოვნო იყო, რომ მომეცა შესაძლებლობა, პრაქტიკულად ყოველდღიურ რეჟიმში მემუშავა მათთან ერთად, ჩვენი ქვეყნის განვითარებისათვის.
მადლობას ვუხდი თანამშრომლობისთვის ფინანსთა სამინისტროს შესანიშნავ გუნდს. გუნდს, რომელიც გამოირჩევა მაღალი კომპეტენციით, კეთილსინდისიერებითა და საქმისადმი ერთგულებით.
მადლობა ფინანსთა სამინისტროს ცენტრალური აპარატის, შემოსავლებისა და საგამოძიებო სამსახურების, ფინანსთა სამინისტროს აკადემიის, სახაზინო და საფინანსო-ანალიტიკური, ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურების თითოეულ თანამშრომელს.
მეამაყება რომ ვმუშაობდი თქვენთან ერთად!”,- ნათქვამია განცხადებაში.