ახალ ზელანდიას ახალი პრემიერ-მინისტრი ჰყავს. კრის ჰიპკინსი ლეიბორისტული პარტიის ხელმძღვანელად კვირას აირჩიეს და ადგილობრივი მედიის ცნობით, მან ფიცი უკვე დადო. ის ჯასინდა არდერნს შეცვლის, რომელმაც გადადგომის შესახებ განცხადება მოულოდნელად გააკეთა.
სამშაბათს, არდერნი პრემიერ-მინისტრის რანგში საჯაროდ ბოლოჯერ გამოჩნდა და თქვა, რომ მას ყველაზე მეტად ხალხი მოენატრება, რადგან მუშაობა მათ გამო უხაროდა.
„მთელი გულით მადლობას გიხდით, რომ ასეთი უდიდესი პრივილეგია მომანიჭეთ,“ - განაცხადა ჯასინდა არდერნმა.
მედიის ცნობით, არდერნი მთავრობის მეთაურის თანამდებობის 7 თებერვალს დატოვებს.
ლეიბორისტების ლიდერად არჩევის შემდეგ ჰიპკინსმა განაცხადა, რომ ენერგიის და ენთუზიაზმის მოზღვავებას გრძნობს და სამუშაოს დაწყებას მოუთმენლად ელის.