თბილისში, 2021 წლის მაისში ბინებზე 2 161 ტრანზაქცია დაფიქსირდა, რაც 2019 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს 25%-ით ჩამორჩება. რაც შეეხება ბაზრის ზომას, 29%-იანი კლება დაფიქსირდა და მოცულობამ $101 მლნ შეადგინა. უნდა აღინიშნოს, რომ საგანგებო მდგომარეობა 2020 წლის 23 მაისს გაუქმდა, აქედან გამომდინარე 2020 წლის მონაცემები არ არის რეპრეზენტატული.
ამის შესახებ ინფორმაციას Real Estate Coverage საჯარო რეესტრის ეროვნული სამსახურის მონაცემებზე დაყრდნობით აქვეყნებს.
იგივე წყაროს ცნობით, 2021 წლის მაისში, თბილისში ახალაშენებულ ბინებზე 1 380 ტრანზაქცია დარეგისტრირდა, რაც 30%-ით ნაკლებია 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. ძველ პროექტებში კი ტრანზაქციების რაოდენობა 17%-ით შემცირდა.
2021 წლის მაისში ახალაშენებეული ბინების ბაზრის ზომა, 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 37%-ით შემცირდა. რაც შეეხება ძველი ბინების ბაზრის ღირებულებას, მაჩვენებელი 10%-ით, $35 მლნ–მდე შემცირდა.
ახალაშენებული ბინების ეკონომ სეგმენტი 2019 წლის მაჩვენებელთან შედარებით 12%-ით შემცირდა. რაც შეეხება მედიუმ სეგმენტს, ტრანზაქციების რიცხვმა 61%-ით დაიკლო. ბაზრის ანალიტიკოსების აზრით, შემცირება დაკავშირებულია იმ ფაქტთან, რომ 2019 წლის მაისში მ2 იპოდრომის პროექტში მედიუმ სეგმენტის ტრანზაქციების დაახლოებით 40% დარეგისტრირდა. აღნიშნულის გარეშე, მედიუმ სეგმენტში ტრანზაქციების რაოდენობა 2021 წლის მაისში 32%-ით შემცირდებოდა. პრემიუმ სეგმენტს რაც შეეხება, 2019 წელთან შედარებით მაჩვენებელმა 35%-იანი კლება განიცადა.
საშუალო შეწონილ ფასს რაც შეეხება, პირველ კვარტალში მნიშვნელოვანი ცვლილება არ განუცდია. 2020 წლის პირველ კვარტლათან შედარებით ახალი ბინების საშუალო შეწონილი ფასი მხოლოდ 2%-ით შემცირდა, 2019 წელთან შედარებით კი 1%-ით. რაც შეეხება ძველ ბინებს, მაჩვნებელი 2% და 4%-ით შემცირდა 2020 და 2019 წლების პირველ კვარტალთან შედარებით.
ამ მონაკვეთში ფასების ცვლილებასთან დაკავშირებით რეალური რეაქციების შეჯამება რთულია, სანამ არ აღდგება ეკონომიკური აქტივობა და მოიხსნება სახელმწიფოს მიერ დაწესებული შეზღუდვები. აღსანიშნავია, რომ დეველოპერების გარკვეულმა ნაწილმა პირველად ბაზარზე უკვე დაიწყო ფასდაკლების აქციები, თუმცა მეორად ბაზარზე ჯერჯერობით ამ დოზით რეაგირება არ მომხდარა.