თბილისს კიდევ ერთი ახალი, უნიკალური გასართობი, ტურისტული ატრაქციონი შეემატება. რიყის პარკში მისულ სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ დედაქალაქის უნიკალური ხედები საჰაერო ბურთიდან იხილონ. პროექტს შ.პ.ს „ატრაქციონი“ ფრანგ პარტნიორებთან ერთად ახორციელებს. კომპანიის მფლობელი დავით კოპაძე „კომერსანტთან“ საუბარში აცხადებს, რომ საჰაერო ბურთი 10 სართულიანი შენობის სიდიდის იქნება, ხოლო ფრენის უმაღლესი წერტილიდან 45 სართულიანი შენობის სიმაღლეს გაუტოლდება.
მისი განმარტებით საჰაერო ბურთის დანახვა 20 კილომეტრის მანძილზე იქნება შესაძლებელი. პროექტის ღირებულება 4 500 000 მლნ ლარია. პროექტი თბილისის მერიასთან უკვე შეთანხმებულია, ახლა პირველი საჰაერო ბურთის სამონტაჟო სამუშაოები მიმდინარეობს.
„საქართველოში ამ ატრაქციონის შემოტანა საქორწინო მოგზაურობისას გადავწყვიტეთ. მე და ჩემი მეუღლე ორლანდოში ჩავედით „დისნეი ლენდში“ და სწორედ იქ ვნახეთ პირველად უზარმაზარი საჰაერო ბურთი, რომელმაც დაუვიწყარი შთაბეჭდილება და ემოციები დაგვიტოვა. რა თქმა უნდა, ჩვენ ყველა კარგად ვიცნობთ საჰაერო ბურთებს, რომლებიც ჰაერის გაცხელების სისტემით დაფრინავენ, თუმცა ჩვენი ატრაქციონი სრულიად განსხვავებულია. გათბობის სისტემის ნაცვლად გამოიყენება ჰელიუმი, რომელითაც ივსება საჰაერო ბურთი და ამასთან, უზრუნველყოფს 100%-იან უსაფრთხოებას, უფრო მეტიც, საჰაერო ბურთი იფრენს არა თავისუფალი ტრაექტორიით, არამედ ვერტიკალურად 150 მეტრის სიმაღლეზე. 10 სართულიანი შენობის ზომის საჰაერო ბურთი ნამდვილად შთამბეჭდავი იქნება ყველასათვის. სწორედ მაშინ ვიფიქრეთ რა კარგი იქნებოდა, თუ ასეთი საჰაერო ბურთი ჩვენი საყვარელი თბილისის ცენტრშიც გვექნებოდა. ჩიტის ფრენის სიმაღლიდან იქნება შესაძლებელი ჩვენი ლამაზი ქალაქის დანახვა, რაც გულგრილს არც ჩვენს ტურისტებს და არც ჩვენს მოქალაქეებს არ დატოვებს. ბურთი ფრენის მაქსიმალური სიმაღლის მიღწევისას 45-სართულიან შენობას გაუტოლდება და ამ სიმაღლიდან ჩვენ შევძლებთ ჩვენი ქალაქის სილამაზით დატკბობას. როგორც ყველა, ისე ჩვენც დაინტერესებული ვართ ტურისტული ინდუსტრიის განვითარებით. ჩვენს პროექტებს შორისაა ბუტიკური სასტუმროების ქსელი თბილისის ცენტრში „Tbilisi Luxury Boutique Hotels“ და ახლა დრო დადგა ახალი, უნიკალური გასართობი პროექტი შემოგთავაზოთ“, - აცხადებს დავით კოპაძე.
დავით კოპაძე აცხადებს, რომ თბილისში პირველ ეტაპზე მხოლოდ ერთი საჰაერო ბურთის გაშვება იგეგმება, თუმცა კომპანია მომავალი წლიდან საქართველოს სხვა ქალაქებში ოპერირებასაც განიხილავს. როგორც კოპაძე განმარტავს, ატრაქციონს აღჭურვილობით ცნობილი ფრანგული კომპანია „Aerophile” უზრუნველყოფს. მისი თქმით, დაცულია უსაფრთხოების ყველა სტანდარტი, ასევე გათვალისწინებული იქნება ჯანდაცვის სამინისტროს მიერ რეკომენდებული ახალი სტანდარტებიც. შ.პ.ს „ატრაქციონის“ მფლობელი აცხადებს, რომ ფრენის ხანგრძლივობა 15 წუთია. აღსანიშნავია, რომ საჰაერო ბურთით ფრენის მსურველებზე ასაკობრივი შეზღუდვა არ იქნება. ბავშვებს ატრაქციონით სარგებლობა შეეძლებათ მშობლების თანხლებით. რაც შეეხება საფასო ღირებულებას, როგორც დავით კოპაძე აცხადებს საქართველოს მოქალაქეებისათვის ფასი 35 ლარი იქნება, ხოლო ტურისტებისთვის-50 ლარი.
„გონდოლაში 30 ადამიანის განთავსებაა შესაძლებელი. აუცილებლად იქნება დაცული ატრაქციონზე ჯანდაცვის სამინისტროსა და მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის რეკომენდაციები. პროექტის განხორციელება ივლისშია დაგეგმილი და გადადებას ნამდვილად არ ვაპირებთ, რამდენადაც ატრაქციონი საინტერესო იქნება არა მარტო ტურისტებისათვის, არამედ საქართველოს მოსახლეობისთვისაც. ვფიქრობთ, რომ მსგავსი სიახლე ნამდვილად დროული იყო. როგორც მოგეხსენებათ საქართველო რეკომენდებულია როგორც უსაფრთხო ლოკაცია სამოგზაუროდ. პოტენციური სტუმრების ინტერესს აუცილებლად წაახალისებს ჩვენი პროექტი და სასიამოვნო სიახლეც დახვდებათ საჰაერო ბურთის სახით. ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესი საკმაოდ მაღალია. აქედან გამომდინარე ვფიქრობთ, პროექტი წარმატებული იქნება“, - განაცხადა დავით კოპაძემ.
საჰაერო ბურთი თეთრი ფერის იქნება. დავით კოპაძის თქმით, ატრაქციონი უნიკალურ შესაძლებლობას წარმოადგენს რეკლამის განთავსებისათვის.
„ჩვენი საჰაერო ბურთი უნიკალურ შესაძლებლობას წარმოადგენს რეკლამირებისთვის. წარმოიდგინეთ: თქვენი ლოგო ქალაქის ცენტრში, 150 მეტრის სიმაღლეზე, 750 კვადრატული მეტრის ფართობზე. სარეკლამო მაკეტები და მათი ფერი თბილისი მერიასთან შეთანხმებით შეირჩევა“, - განმარტავს დავით კოპაძე.
ბაჩო ადამია