ახალქალაქის მუნიციპალიტეტში „ახალქალაქი ჰესების კასკადი ოფიციალურად გაიხსნა. ჰესი კასკადური ტიპის, მდინარის მოდინებაზე არსებული ჰიდროელექტროსადგურია, რომელიც მდინარე ფარავანსა და მის მარჯვენა შენაკადზე, მდინარე კორხზე, სამცხე-ჯავახეთის რეგიონში, ახალქალაქის მუნიციპალიტეტში, სოფლების დილისკასა და კორხთან ახლოს მდებარეობს.
ჰესი კავკასიის განახლებადი ენერგიის ჰოლდინგმა CCEH-მა განავითარა LANSVIRKJUN-თან და ადგილობრივ კომპანია HYDRO ENERGY-სთან ერთად. LANSVIRKJUN-ი წარმოადგენს ისლანდიის ყველაზე მსხვილ სახელმწიფო ენერგიის მწარმოებელ კომპანიას და მისთვის ახალქალაქის პროექტი არის ქვეყნის ფარგლებს გარეთ განხორციელებული პირველი ინვესტიცია. ჰესების კასკადში 26 მლნ აშშ დოლარის ინვესტიცია განხორციელდა, ხოლო მშენებლობის პროცესში 100-მდე ადგილობრივი მოსახლე იყო დასაქმებული.
ჰესის გახსნის ღონისძიებას დაესწრნენ: ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე რომეო მიქაუტაძე, ჰესის ინვესტორი კომპანიების ხელმძღვანელები - კავკასიის განახლებადი ენერგიის ჰოლდინგის CCEH-ის დირექტორი მიხეილ ნიბლაძე, ფონდის მმართველი დირექტორი ალექს ბენარდი და ისლანდიური სახელმწიფო ენერგიის მწარმოებელი კომპანიის LANSVIRKJUN-ის ვიცე-პრეზიდენტი რიკი რიკარდსონი.
აღსანიშნავია, რომ ახალქალაქის ჰიდროელექტროსადგური, 9.1 მეგავატი დადგმული სიმძლავრით, 2022 წელს საქართველოში ექსპლუატაციაში შესულ ჰესებს შორის ყველაზე დიდია, 40 %-იანი წილით დადგმული სიმძლავრის მიხედვით.