აზერბაიჯანის პრეზიდენტი საფრანგეთს “ანტიაზერბაიჯანული პოზიციის” დაკავებასა და „შეურაცხყოფის მიყენებაში” ადანაშაულებს.
როგორც ილჰამ ალიევის განცხადებიდან ირკვევა, აზერბაიჯანს არ სურს, რომ საფრანგეთი მონაწილეობას იღებდეს სომხეთთან სამშვიდობო მოლაპარაკებებში. შესაბამისად ოფიციალური ბაქო 7 დეკემბერს, ბრიუსელში საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან და ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელთან დაგეგმილ ოთხმხრივ შეხვედრას აუქმებს. ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ბაქოში გამართულ კონფერენციაზე განაცხადა.
ალიევის თქმით, მაკრონი “თავს დაესხა” და “შეურაცხყოფა მიაყენა” ბაქოს და შუამავლის როლში არ უნდა გამოდიოდეს. ალიევის აზრით, სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი მოლაპარაკებების შემდეგი ეტაპის ჩაშლას ცდილობს, როდესაც მოითხოვს საფრანგეთის შუამავლობას.
“ნათელია, რომ ასეთ გარემოებებში, ასეთი დამოკიდებულებით საფრანგეთს არ შეუძლია იყოს აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მშვიდობიანი პროცესის ნაწილი”, - განაცხადა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა.