თბილისში ვიზიტისას, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ენეგოსექტორის ის სამი მიმართულება დაასახელა, რაშიც ილჰამ ალიევი ახალ პერსპექტივას ხედავს და ამ კუთხით ინვესტირებაა დაგეგმილი. საგულისხმოა, რომ ამ პროექტების განხორციელებისას, აზერბაიჯანის მთავარი პარტნიორი, საქართველოა.
კერძოდ, ალიევმა დღეს ღიად თქვა, რომ „ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის“ ნავთობსადენის გამტარუნარიანობა გაიზრდება და დამატებითი მოცულობის აზერბაიჯანული ნავთობის გადაზიდვა იგეგმება „ბაქო-სუფსის“ ნავთობსადენით.
ამ ენერგოპროექტის მნიშვნელობასა და საქართველოს როლზე, Europetime.eu საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორ გია არაბიძეს ესაუბრა.
„ამ საკითხზე საუბრისას, ალიევმა ახსენა, რომ ექსპორტზე უნდა გაიტანონ 157 გეგავატი, მაგრამ ეს არ იქნება მხოლოდ საქართველოსკენ მიმართული. ეს კასპიის ზღვის მიმდებარე ქვეყნებისთვისაა განკუთვნილი. აზერბაიჯანს საქართველოს გავლით ევროპაში, თურქეთის გავლით შეუძლია ელექტროენერგიის გატანა. თურქეთში საქართველოს გავლით აზერბაიჯანს ელექტროენერგია ახლაც გააქვს.
ვფიქრობ, ალიევმა ეს ციფრი როცა დაასახელა გულისხმობდა ახალ პროექტს, რომელიც ახლა განხილვისა და დამოწმების ფაზაშია. ეს პროექტი გულისხმობს, შავი ზღვის ფსკერის გავლით, რუმინეთში ელექტროენერგიის ექსპორტს. ამ პროექტის სიცოცხლისუნარიანობის საკითხი როცა გადაწყდება და შავი ზღვის ფსკერზე ეს კაბელი ჩაიდება, მაშინ ამ მოცულობის ექსპორტზე საუბარი რეალურია.
რაც შეეხება სხვა საკითხს, ჩვენ დიდი რაოდენობით ელექტროენერგია შემოგვაქვს, შემოგვქონდა და მომავალშიც შემოვიტანთ აზერბაიჯანიდან და ამ ქვეყანას ჩვენი გავლით თურქეთში სულ მცირე 200-300 მეგავატი გააქვს. იყოს გარკვეული პერიოდი, როცა საქართველოს გავლით, ექსპორტი 300-400 მეგავატსაც აღწევდა“, — აღნიშნა არაბიძემ.
მისი თქმით, აზერბაიჯანი საქართველოსთვის მნიშვნელოვანი სტრატეგიული პარტნიორია და ალიევის განცხადებები, ამას უფრო თვალსაჩინოს ხდის.
„ამ პროექტებს საქართველოს ეკონომიკის სამინისტროც განიხილავს. მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ის გაზრდის ნავთობის ტრანზიტს საქართველოს გავლით, როგორც „ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის“, ისე „სუფსის“ მილსადენით.
ალიევი ძალიან სერიოზულად ფიქრობს გაზის მიწოდების გაზრდაზე ევროპისთვის, საქართველოს გავლით, ასევე ელექტროენერგიის ექსპორტზეც. სამი მიმართულება - ნავთობი, გაზი და ელექტროენერგია, ის სექტორებია, სადაც აზერბაიჯანის პრეზიდენტი ძალისხმევის გამოჩენასა და საქმიანობის გაფართოებას ფიქრობს. ეს რესურსები ყველა შემთხვევაში საქართველოზე გაივლის, რითაც ქვეყანა დამატებით სარგებელს მიიღებს“, — ამბობს გია არაბიძე.