პირველად, მრავალი წლის შემდეგ, აზერბაიჯანულმა ავიაკომპანიამ სომხეთის საჰაერო სივრცეში ფრენა დაიწყო. 6 ოქტომბრიდან ავიაკომპანია AZAL , ბაქო - ნახიჩევანი - ბაქოს შიდა რეისებს სომხეთის საჰაერო კორიდორის გამოყენებით ასრულებს. „კომერსანტი“ დაინტერესდა, რა გავლენა ექნება მიღებულ გადაწყვეტილებას კავკასიის დერეფანზე და იმ შემთხვევაში თუ სომხეთი სხვა მიმართულებითაც მისცემს აზერბაიჯანს ფრენის უფლებას, დაკარგავს თუ არა საქართველო შემოსავალს.
HUB Georgia-ს დამფუძნებელი გიორგი კოდუა აცხადებს, რომ მთავარია კავკასიამ უსაფრთხო რეგიონის სახელი მოიპოვოს. მისი თქმით, რაც უფრო სტაბილური იქნება ჩვენი გარემო, რეისები დაინიშნება და ცა გაიხსნება, მიზიდულობა მეტად გაიზრდება.
„ჩვენ აზერბაიჯანის და სომხეთის სტრატეგიული პარტნიორები ვართ, ამიტომ ვფიქრობ, რომ რეგიონში „დაყავი და იბატონეს“ პრინციპი უნდა დასრულდეს. კავკასიის ქვეყნებმა თანაცხოვრება ერთად უნდა შევძლოთ და მონოპოლიის გზით არ უნდა შევეცადოთ ფულის შოვნას. ასეთი რამ რკინიგზის შემთხვევაში უკვე მოგვივიდა, როდესაც შექმნილი პოლიტიკის გამო ტვირთები დავკარგეთ. საქართველოს გავლით სომხეთში 400 000 ტონა საწვავი შედის, იმის გამო, რომ მათ სხვა გამოსავალი არ ჰქონდათ საქართველოს რკინიგზამ გადაზიდვის ფასი 50 დოლარამდე, შემდეგ 60-მდე გაზარდა, დღეს ეს თანხა 93 დოლარს შეადგენს. ამის გამო, მათ მანქანები გადააკეთეს, დღეს სომხეთში მანქანების 80% გაზზე დადის, ასევე სომხეთის მომარაგება ირანმა დაიწყო. არ შეიძლება მონოპოლისტური გზებით ბიზნესის კეთება. აზერბაიჯანი, სომხეთი, საქართველო რაც უფრო გახსნილი იქნება და ბიზნესს შეეძლება თვითონ აირჩიოს უსაფრთხო კორიდორი, მით უკეთესი ჩვენთვის“, - განმარტავს გიორგი კოდუა.
გიორგი კოდუა ამბობს, რომ საქართველოს კონკურენტი არის არა აზერბაიჯანი და სომხეთი, არამედ რუსეთი. HUB Georgia-ს დამფუძნებლის თქმით, კავკასიაში შექმნილი რთული გეოპოლიტიკური მდგომარეობით სარგებელი მხოლოდ რუსეთს აქვს.
„დღევანდელი მდგომარეობით სარგებელს მხოლოდ რუსეთი პოულობს, რადგან დიდი ტერიტორიაა, უსაფრთხოა. ისინი კავკასიაზე გავლისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდებენ , რადგან კორიდორები სადღაც ჩაკეტილია, სადღაც ღიაა. იბერია კორიდორზე რუსეთის სახელმწიფო გარანტიას იძლევა. კავკასიის ტრასები გაერთიანებული და მოხერხებული უნდა იყოს ავიაკომპანიებისთვის, რათა სამხრეთ კორიდორი უფრო მიმზიდველი გახდეს. საქართველოში რომ თვითმფრინავი შემოვიდეს, არ უნდა დაინახოს წითელი ხაზები, რაც უფრო მწვანე გამოჩნდება, ჩვენი რეგიონი მით უფრო მიმზიდველი გავხდებით მსხვილი კომპანიებისთვის. მაგალითად american airlines-მა რუსეთის კორიდორის ნაცვლად შეიძლება, სამხრეთ კავკასიის ცა გამოიყენოს. დღეს სამწუხაროდ ყველა რეისები ჩრდილოეთზე დადის“, - აცხადებს გიორგი კოდუა.
ავიაკომპანია „ჯორჯიან ერავეზისის“ ყოფილი გენერალური დირექტორი იასე ზაუტაშვილი აცხადებს, რომ მიღებული გადაწყვეტილება ზოგადად ბაზრის ამინდს არ შეცვლის. მისი თქმით, ტრაფიკის კუთხით სიტუაცია რეგიონში უცვლელი დარჩება.
„დღესდღეობით საქართველოდან პირდაპირი რეისები არის როგორ სომხეთზე, ერევანზე, ასევე აზერბაიჯანზე, ბაქოზე. ამის გარდა ცალკე აღებული ბაქოდან რეისები არის როგორც ევროპის მიმართულებით, ასევე ამერიკის მიმართულებით. ამავდროულად სომხეთიდან დსთ-ის გარდა რეისი არ მუშაობას, მათ ძლიერი ეროვნული გადამზიდავი არ ჰყავთ, ერთადერთი კომპანია რომელიც დომინირებს ბაზარზე, ეს არის Armenian Airlines. ყოველივე ამის გათვალისწინებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს რეისი ბაზრის ამინდს არ შეცვლის. ის მგზავრთა ნაკადი, რომელიც ჩვენ გვქონდა, ისევ დარჩება. მითუმეტეს მაშინ, როდესაც გახსნა ნახიჩევანი და არ გახსნა სხვა ქალაქები. ამ გადაწყვეტილებას ალბათ პოლიტიკურად სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს, შესაბამისად მგზავრთა ტრაფიკის კუთხით ჩვენთვის სიტუაცია აბსოლუტურად უცვლელი დარჩება“,— განმარტავს იასე ზაუტაშვილი.