რუსეთის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ აზერბაიჯანმა მარტაკერტის (აზერბაიჯანულად აღდარას) რაიონში, იარმჯას დასახლებულ პუნქტში შეხების ხაზი დაარღვია.
უწყების ინფორმაციით, რუსეთის სამშვიდობო კონტინგენტის სარდლობა აზერბაიჯანისა და მთიანი ყარაბაღის წარმომადგენლებთან თანამშრომლობით ინციდენტის მოსაგვარებლად მუშაობს და საჭირო ზომებს მიმართავს.
მათივე განმარტებით, უზრუნველყოფილია ლაჩინის დერეფნის გავლით აზერბაიჯანის რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების ოთხი კოლონის გაცილება: ორი ჩრდილოეთით, ორი სამხრეთით.
შეგახსენებთ, მიმდინარე წლის 27 მარტს არაღიარებული მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკაში საომარი მდგომარეობა გამოცხადდა. განკარგულებას ხელი მისმა პრეზიდენტმა, არაიიკ ჰარუტუნიანმა მოაწერა. რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ დაადასტურა, რომ აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალები მთიანი ყარაბაღის ტერიტორიაზე რუსეთის სამშვიდობო კონტინგენტის პასუხისმგებლობის ზონაში შევიდნენ და მთიანი ყარაბაღის შეიარაღებული ფორმირებების ქვედანაყოფებს უპილოტო საფრენი აპარატის, ბაირაქტარი TB-2-ით ოთხი დარტყმა მიაყენეს. აზერბაიჯანის ჯარებთან შეტაკებისას დაიღუპა სამი და დაიჭრა რამდენიმე სომეხი სამხედრო. ერევანმა ბაქო რუსეთის შუამავლობით დადებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევაში დაადანაშაულა. თავის მხრივ, აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ სომხეთი “საერთაშორისო საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობაში” დაადანაშაულა.
მოკლედ, სომხეთის თხოვნა რუსეთს, რუსეთის მოთხოვნა აზერბაიჯანს და აზერბაიჯანის პასუხი, შენიშვნები და დავალება რუსეთს, - რა ხდება ყარაბაღში და რა უძღოდა წინ აქ საომარი ვითარების გამოცხადებას, დეტალურად გაეცანით "კომერსანტის" ქრონოლოგიურ სტატიაში.