აზია სადღეისოდ რჩება მსოფლიოს ერთადერთ რეგიონად, სადაც ინფლაცია დაბალია, ფასები კი თითქმის არ იზრდება.
ამ ქვეყნებში თითქმის არ ყოფილა გამოცხადებული ხანგრძლივი და დამანგრეველი ლოქდაუნები, ამიტომაც შეზღუდვების მოხსნის შემდეგ სამომხმარებლო ბუმიც არ ყოფილა, ხოლო ლოგისტიკური პრობლემები ისე მკვეთრად გამოხატული არაა, როგორც დანარჩენს მსოფლიოში - მიიჩნევენ Capital Economics-ის ექსპერტები.
აზიაში ცენტრალური ბანკები საპროცენტო განაკვეთებს არ ზრდიან, მაშინ როდესაც ლათინურ ამერიკაში და ევროპაში პირიქით, მონეტარული პოლიტიკა ისედაც საკმაოდ მკაცრია, მაგრამ როგორც ჩანს, ეს საკმარისი არაა და მისი გამკაცრება მომავალშიც მოსალოდნელია.
ინფლაცია აზიაში დაბალია - 5%-ზე მეტი ის მხოლოდ 2 ქვეყანაშია - შრი-ლანკაში და პაკისტანში. დანარჩენ ქვეყნებში კი 5%-ზე ნაკლებია. რაც შეეხება ცენტრალური ბანკების განაკვეთებს, ისიც უმნიშვნელოდაა გაზრდილი მხოლოდ 3 ქვეყანაში - პაკისტანში, შრი-ლანკაში და სამხრეთ კორეაში.
და ეს მაშინ, როდესაც, მაგალითად, რუსეთში ნოემბერში ინფლაციამ 8,1% შეადგინა, ხოლო ცენტრალური ბანკის საპროცენტო განაკვეთი 4,25%-დან 7,75%-მდეა გაზრდილი. კიდევ უფრო მაღალო მაჩვენებლები ბრაზილიას აქვს - ინფლაცია 10,7%-ა, საპროცენტო განაკვეთი კი 2%-დან 7,7%-მდე გაიზარდა.
თურქეთში ინფლაციამ რეკორდულ 20%-ს მიაღწია, რაც 3 წლის მაქსიმალური მაჩვენებელია, მარტიდან კი საპროცენტო განაკვეთი პრეზიდენტ ერდოგანის დაჟინებული მოთხოვნით, 19%-დან 15%-მდე შემცირდა, რამაც მეორე დღესვე ეროვნული ვალუტის მკვეთრი გაუფასურება გამოიწვია.
ამავე დროს ჩინეთში ინფლაცია მინიმალურია - 1,5%. გარკვეულწილად ასეთი მკვეთრი სხვაობა აიხსნება იმითაც, რომ აზიაში, დანარჩენი მსოფლიოსგან განსხვავებით, სურსათზე ფასები არათუ არ იზრდება, არამედ კლებულობს.
თუმცა, მთავარი სხვაობა მაინც არის საბაზო ინფლაციის შედარებით დაბალი ზრდა. ჩინეთში, ჰონკონგში და ტაივანში ლოქდაუნი მოკლევადიანი იყო, სამხრეთ კორეაში საყოველთაო კარანტინის საერთოდ არ გამოუცხადებიათ, ამიტომაც ამ ქვეყნებში შეზღუდვების მოხსნის შემდეგ მოთხოვნის ბუმი არ დაფიქსირდა.
გარდა ამისა, დანახარჯები ლოგისტიკაზე აზიაში სხვა რეგიონებთან შედარებით ნაკლებად გაიზარდა. ასევე მნიშვნელოვანია ისიც, რომ აზიის ქვეყნები შორეული კონტინენტებიდან იმპორტზე ნაკლებად არიან დამოკიდებული, და მათ მიერ მოხმარებული პროდუქციის დიდი ნაწილი ან თავად ამ ქვეყნებში, ან სამეზობლოში იწარმოება.
Capital Economics-ს ექსპერტთა აზრით, მომავალი წლიდან გლობალური ინფლაცია შემცირებას დაიწყევს, თუმცა, აზიაში ის მიზნობრივ მაჩვენებლებს დაუბრუნდება, ხოლო ევროპაში და ამერიკაში მაინც შესამჩნევად მაღალი იქნება.
ინფლაციის ზეწოლის შესუსტების ძირითადი ფაქტორი ენერგომატარებლებზე ფასების კორექტირება იქნება. სასურველზე მაღალი ინფლაციის გამო, ცენტრალური ბანკები მკაცრ მონეტარულ პოლიტიკას როგორც მინიმუმ უახლოესი ნახევარი წლის მანძილზე შეინარჩუნებენ.
არსად გაქრება მიწოდების პრობლემებიც - ბიზნესი დეფიციტის შიშით მარაგების შექმნას ცდილობს, ეს კი დეფიციტს კიდევ უფრო აღრმავებს.
ასევე ძალიან დაბალ დონეზე შენარჩუნდება ტვირთების გადაზიდვების სანდოობის ინდექსი - ის 30-40%-ს შეადგენს, მაშინ როდესაც სხვა პერიოდებში 70-80%-ია. არეული განრიგების გამო, ბევრი ხომალდი და კონტეინერი არ გამოიყენება, რაც ლოგისტიკურ პრობლემებს კიდევ უფრო აღრმავებს.
ბაზრებზე ვითარების ნორმალიზებას როგორც მინიმუმ ნახევარი წელი დასჭირდება, რადგანაც უახლოეს 3 თვეში სადღესასწაულო სეზონის გამო სამომხმარებლო მოთხოვნა მკვეთრად გაიზრდება, ხოლო ზოგიერთ დარგში, მაგალითად, ნახევარგამტარების წარმოებაში, მიწოდება მოთხოვნას 2023 წლამდე ვერ დაეწევა.
Kommersant