აშშ-ს მთავრობა გაზსადენ „ჩრდილოეთ ნაკადი-2“-ს მშენებლობას კატეგორიულად ეწინააღმდეგება, თუმცა, ბაიდენის ადმინისტრაცია სანქციების შემოღებას ჯერჯერობით არ ჩქარობს, რაც რესპუბლიკური პარტიის უკმაყოფილებას იწვევს.
ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, მოქმედი ადმინისტრაცია მილსადენის მმართველი კომპანიის Nord Stream AG-ს და მისი დირექტორის მატიას ვარგინგის წინააღმდეგ სანქციების შემოღებას ამ ეტაპზე არ გეგმავს. თუმცა კომპანიაც და პერსონალურად ვარინგი შეტანილ იქნებიან ანგარიშში, რომელსაც აშშ-ს მთავრობა უახლოეს პერიოდში კონგრესს წარუდგენს.
ამერიკულ და გერმანულ მხარეებს შორის მოლაპარაკებაში ჩართული წყაროს ინფორმაციით, Nord Stream AG-ს და მატიას ვარგინგის საკითხი მხოლოდ 3 თვის შემდეგ იქნება დაყენებული.
დონალდ ტრამპის მიერ დაწყებული მკაცრი სანქციების კურსზე უარის თქმა ბაიდენის მხრიდან დათმობებზე წასვლის მზადყოფნის ნიშანია. ის ხომ ოფიციალურად გაზსადენის მშენებლობას კატეგორიულად ეწინააღმდეგება და ამ პროექტის გამო დიდი ზეწოლის ქვეშ იმყოფება.
მილსადენი, რომლითაც გაზი რუსეთიდან გერმანიას უნდა მიეწოდოს, არა მხოლოდ რესპუბლიკელების, არამედ დემოკრატების დიდი ნაწილის მკაცრი კრიტიკის ობიექტია. მისი მოწინაამღდეგეები მიიჩნევენ, რომ ეს პროექტი ვლადიმერ პუტინის ძალაუფლებას აძლიერებს და უკრაინულ სატრანზიტო მარშრუტს უფუნქციოდ ტოვებს.
თუ საბოლოოდ დადასტურდა, რომ ბაიდენი „ჩრდილოეთ ნაკადი-2“-ს წინააღმდეგ სანქციების შემოღებას არ აპირებს, ეს რესპუბლიკელების დიდ უკმაყოფილებას გამოიწვევს. კონგრესის საგარეო საქმეთა კომიტეტის წევრის მაიკლ მაკკოლის თქმით, თუ ეს მართლაც ასეა, ეს ნიშნავს, რომ ბაიდენი გაზსადენის მშენებლობის შეჩერებას არც აპირებდა.
„ეს რუსეთის ბოროტი გავლენის პროექტია და ის მოსკოვისგან ევროპის რუსულ გაზზე დამოკიდებულებას კიდევ უფრო გაზრდის. თუ პუტინის ადმინისტრაციას ამ გაზსადენის მშენებლობის დასრულების უფლება მიეცემა, ეს მხოლოდ იმიტომ მოხდება, რომ ეს ბაიდენის ადმინისტრაციამ დაუშვა“, - თვლის პოლიტიკოსი.
დონალდ ტრამპის ყოფილმა მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ჯონ ბოლტონმა განაცხადა, რომ პრეზიდენტის საქციელი აღმაშფოთებელია.
„ბაიდენის მკაცრი რიტორიკა რუსეთის მიმართ არაფერს ნიშნავს, თუ ის კონკრეტული ქმედებებით გამყარებული არ იქნება“, - მიიჩნევს ის.
ბოლო თვეებში „ჩრდილოეთ ნაკადი-2“ გერმანულ-ამერიკული ურთიერთობების გადატვირთვისთვის სერიოზული გამოცდა გახდა. ის, რომ ეს საკითხი, საბოლოოდ გადაწყდა, ბერლინისთვის საეჭვოა, თუმცა, სანქციების შეყოვნება დიპლომატებს ახალ შესაძლებლობებს აძლევს.
ამავე დროს ისიც ცხადია, რომ იმ შემთხვევაში, თუ ზეწოლა ზედმეტად გაძლიერდება, ბაიდენს მკაცრი სანქციების შემოღება მაინც მოუწევს, სავარაუდოდ, ეს შეიძლება 3 თვეში მოხდეს, როდესაც მომზადდება ახალი ანგარიში სანქციების შესახებ.
ამ ვითარებაში ბერლინში ბაიდენის მხრიდან მეტ სიცხადეს და ახსნა-განმარტებებს ელოდებიან.
spiegel.de
თენგიზ აბლოთია