მსოფლიოს მასშტაბით კარბონ-ნეიტრალურ ეკონომიკაზე გადასვლა გლობალურად 30 მილიონ ახალ სამუშაო ადგილს შექმნის. აღნიშნულის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა გლაზგოში მიმდინარე გაერო-ს 2021 წლის კლიმატის ცვლილების კონფერენციის (COP26) ფარგლებში, მსოფლიო ლიდერების სამიტზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისი აზრით, კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ ბრძოლაში ეკონომიკის გარდაქმნა აჩენს შესანიშნავ შესაძლებლობას ორგანიზაციებისთვის ახალი სამუშაო ადგილების შესაქმნელად და ინოვაციური დარგების განვითარებისთვის.
აშშ-ის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ახალი ინფრასტრუქტურის მშენებლობისთვის აუცილებელია პრიორიტეტი გაიცეს კლიმატის წინააღმდეგ ბრძოლის ძალისხმევაზე. მარტივად რომ ითქვას, ახალმა ინფრასტრუქტურულმა პროექტებმა არ უნდა შეუწყოს ხელი კლიმატის ცვლილებას. მან ხაზი გაუსვა მსგავს პროექტებში ფინანსური გამჭვირვალობის მნიშვნელობას განვითარებად ქვეყნებში. ბაიდენის აზრით, დემოკრატიული მოწყობა არის ერთ-ერთი საუკეთესო ეფექტური საშუალება მსგავსი ინიციატივების განხორციელებისთვის.
მისი განცხადებით, დიდი შვიდეულის ქვეყნები არ დაიწყებენ განვიტარებადი ქვეყნებისთვის საკუთარი პირობების თავსმოხვევას, არამედ ითანამშრომლებენ მათთან. მანვე დასძინა, რომ განვითარებად ქვეყნებს შეეძლებათ ტრილიონობით დოლარის ინვესტიციის მოზიდვა. თავად დასავლური ქვეყნები კი აპირებენ პროექტების განხილვებში სამოქალაქო საზოგადოებების ჩართვას.
bpn.ge