ფრისტაილის, სნოუბორდისა და ფრისკის მსოფლიო ჩემპიონატ „ბაკურიანი 2023“-ზე მოთხილამურე პატრულები გამოჩნდებიან. ისინი დამსვენებელთა უსაფრთხოებაზე იზრუნებენ. პატრულის თანამშრომლები აღჭურვილი არიან ყველა საჭირო ტექნიკით, რათა საჭიროების შემთხვევაში, დამსვენებლებს შესაბამისი დახმარება გაუწიონ.
შშს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციის თანახმად, შსს-ს დანაყოფები ფესტივალის უსაფრთხოდ ჩატარებას უზრუნველყოფენ.
„ბაკურიანი 2023“ -ში 42 ქვეყნის 700-მდე სპორტსმენი მონაწილეობს.
საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები, დაბა ბაკურიანში მოსახლეობისა და ტურისტების უსაფრთხოების მიზნით, მართლწესრიგის და საგზაო მოძრაობის წესების დაცვას უზრუნველყოფენ.
კრიმინალური პოლიცია დაბა ბაკურიანში 24 საათის განმავლობაში ახორციელებს დანაშაულის პრევენციის და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის ღონისძიებებს.
დაცვის პოლიციის დეპარტამენტი ჩემპიონატის ღონისძიებების ტერიტორიებზე მყოფი მონაწილეებისა და გულშემატკივრების უსაფრთხოებას უზრუნველყოფს. სხვადასხვა ლოკაციაზე მოწყობილია დაცვის პოლიციის 4 საგუშაგო, სადაც დაცვის პოლიციის თანამშრომლები 24 საათის განმავლობაში მუშაობენ.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები დაბა ბაკურიანში მობილიზებული არიან შესაბამისი ტექნიკითა და აღჭურვილობით, რათა საჭიროების შემთხვევაში უზრუნველყონ სახანძრო-სამაშველო ღონისძიებები. მაშველები ორ ლოკაციაზე არიან გადანაწილებულნი, ნათქვამია შშს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.