სასტუმროების ქსელი „მგზავრები“ ბრენდ „ლაბაუს“ სახელით ბაკურიანში 5 ვარსკვლავიან სასტუმროს აშენებს.
$6 მილიონიანი ინვესტიციის პროექტი 125 უმაღლესი კლასის ნომერს მოიცავს, რომელიც შესაბამისი ინფრასტრუქტურითაა აღჭურვილი.
როგორც „კომერსანტს“ „მგზავრების“ გაყიდვების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა მადლენა მანუსაჩიანმა განუცხადა ქართული უძრავი ქონების ბაზარზე ასეთი ტიპის სასტუმრო საინტერესო სიახლეა.
„პროექტის კონცეფცია მომხმარებლებისთვის 5 ვარსკვლავიანი სასტუმროს შეთავაზებაა, რომელსაც შესაბამისი დონის ინფრასტრუქტურა ექნება. ეს ქართული უძრავი ქონების ბაზარზე სიახლეა. ჩვენ სასტუმროს ნომრების 40%-ს ვყიდით, რაც მესაკუთრეს სასტუმროს მეწილედ აქცევს“, - განმარტავს მადლენა მანუსაჩიანი.
გაყიდვების დეპარტამენტის ხელმძღვანელის განცხადებით კომპანიის მმართველობის ქვეშ 60%-იანი წილის დატოვება, როგორც სტუმრებისთვის, ასევე მესაკუთრეებისთვისაც მაღალი ხარისხის სერვისს უზრუნველყოფს.
„მესაკუთრეებს ექნებათ იმის საშუალება, რომ საკუთარ ნომრებში კომფორტულად დაისვენონ. ამასთან, სასტუმროში არსებული ინფრასტრუქტურა და სერვისები სრულიად უფასოდ გამოიყენონ. „ლაბაუს“ აპარტ-ოტელის ტიპის სასტუმროების შეთავაზებისგან სწორედ მესაკუთრის მხრიდან ნაკლები ხარჯის გაწევა განასხვავებს“, - აღნიშნავს მანუსაჩიანი.
სასტუმრო „ლაბაუს“ ნომრის გასაყიდი ღირებულება 1კვ.მ-ზე 1550 აშშ. დოლარია, თუმცა მიმდინარე ფასდაკლების ფარგლებში, რომელიც სექტემბრამდე გაგრძელდება, ნომრის ყიდვას 1250 აშშ. დოლარად შეძლებთ. რაც შეეხება, უშუალოდ დასასვენებელი ნომრის ღირებულებას - სეზონზე მისი ფასი 120$, ხოლო წლის სხვა პერიოდში 70$ იქნება.
„მგზავრების“ სასტუმროების ქსელი უკვე 10 წელია ქართულ ბაზარზე წარმატებით მოღვაწეობს. კომპანიის მიერ განხორციელებული პროექტები 3 ვარსკვლავიანი აპარტოტელის კოცეფციას, ასევე, ბათუმსა და გონიოში 4 ვარსკვლავიან სასტუმროებს მოიცავს. „ლაბაუ“ კომპანიის მხრიდან სასტუმროების 5 ვარსკვლავიანი ხაზის გაშვების პირველი შემთხვევა იქნება, რომელიც ჯერჯერობით მხოლოდ გონიოსა და ბაკურიანში შენდება და 2021 წლის სექტემბერში დასრულდება.
ანი ცარციძე