ბაკურიანში დიდველისა და მიტარბის წყლის რეზერვუარების მშენებლობა დასრულდა. ტბებს ჯამურად 300 მლნ ლიტრი წყლის მარაგი აქვთ. აღსანიშნავია, რომ ბაკურიანის ტბები ხელოვნური გათოვლიანების სისტემას უწყვეტი წყალმომარაგებით უზრუნველყოფენ. გარდა ამისა, მათ მნიშვნელოვანი ფუნქცია ეკისრებათ ტყის ხანძრების დროს, რადგან ავიაცია წყლის მარაგის შევსებას ამ ტბებიდან შეძლებს.
ხელოვნური რეზერვუარები 2023 წლის ფრისტაილის, სნოუბორდის და ფრისკის მსოფლიო ჩემპიონატისთვის აშენდა, რომელიც 16 თებერვლიდან 5 მარტის ჩათვლით, დიდველის და კოხტა-მიტარბის ტრასებზე ჩატარდება. 2 ახალ ტბასთან ერთად, ბაკურიანს უკვე აქვს 29 კილომეტრიანი ხელოვნური გათოვლიანების სისტემა, რამდენიმე ახალი საბაგირო და 6 საშეჯიბრო, სათხილამურო ტრასა.
როგორც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილმა ფრისტაილის, სნოუბორდის და ფრისკის მსოფლიო ჩემპიონატის ჩატარების თაობაზე გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, უმოკლეს ვადებში საკმაოდ რთული სამუშაოები შესრულდა. ეს კი საშუალებას მოგვცემს, რომ 2023 წელს ბაკურიანში დაგეგმილ მსოფლიო ჩემპიონატს ღირსეულად ვუმასპინძლოთ.
„მოგეხსენებათ რომ ჩვენ უმოკლეს ვადებში საკმაოდ რთული სამუშაოები შევასრულეთ და შედეგად ბაკურიანს დღეს უკვე აქვს ორი ხელოვნური რეზერვუარი, 29 კილომეტრიანი ხელოვნური გათოვლიანების სისტემა, რამდენიმე ახალი საბაგირო და 6 საშეჯიბრო, სათხილამურო ტრასა. ეს მოგვცემს შესაძლებლობას რომ ღირსეულად ვუმასპინძლოთ მსოფლიო ჩემპიონატს,“ - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.