Balenciaga-ს ახალი კამპანიის გამო ბავშვების სექსუალიზებაში ადანაშაულებენ. გუშინ Balenciaga-ს ინსტაგრამ გვერდზე განცხადება გამოაქვეყნა, სადაც მოდის სახლი ბოდიშს იხდის.
„ბოდიშს ვიხდით მიუღებელი შინაარსის მასალის ჩვენებისთვის. ჩვენ ძალიან სერიოზულად ვეკიდებით ამ საკითხს და სამართლებრივ ზომებს გამოვიყენებთ მათ წინააღმდეგ, ვინც 2023 წლის გაზაფხულის კამპანიის ფოტოსესიის კომპლექტის შექმნასა და ფოტოსესიაში იმ ნივთების ჩვენებაზეა პასუხისმგებელი, რაზეც მოდის სახლის თანხმობა არ ყოფილა. კატეგორიულად ვგმობთ ბავშვებზე ძალადობის ნებისმიერ ფორმას და ვიცავთ ბავშვების უსაფრთხოებასა და კეთილდღეობას,“— ნათქვამია განცხადებაში.
კამპანიის ფოტოებში ბავშვებს დათვის სათამაშოსგან შექმნილი ჩანთები უჭირავთ, სადაც დათვებს ტყავის აღჭურვილობა და ბადისგან შეკერილი მაისურები აცვიათ. ეს საზოგადოების ნაწილის თქმით, სექსთან და სექსუალურ ფანტაზიებთან ასოცირდება.
Balenciaga-ს წერილში ასევე ნათქვამია, რომ კომპანიაში დათვის სათამაშოსგან შექმნილი ჩანთები ბავშვებთან ერთად არ უნდა ყოფილიყო წარმოდგენილი და აღნიშნული კამპანიის სურათები ბრენდის ყველა პლატფორმიდან უკვე წაშლილია.
მოამზადა მაკა ბიბილაშვილმა