Galt & Taggart-ის კვირის მიმოხილვის მიხედვით, კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების მოცულობა 2021 წლის სექტემბერში წლიურად 12.7%-ით გაიზარდა (+2.3% თ/თ) და 41 მლრდ ლარი შეადგინა. ამასთან, გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით, სესხების პორტფელის წლიურმა ზრდამ სექტემბერში 15.8% შეადგინა (+2.5% თ/თ). სექტორების მიხედვით, სექტემბერში კორპორაციული დაკრედიტების წლიური ზრდა 16.9%-მდე დაჩქარდა, ხოლო საცალო დაკრედიტების ზრდის ტემპმა 14.8% შეადგინა (კურსის ეფექტის გამორიცხვით). 2021 წლის სექტემბერში სესხების დოლარიზაცია 51.4%-მდე (-5.54 პპ წ/წ და -0.29პპ თ/თ) შემცირდა, ხოლო უმოქმედო სესხები 2.2%-ს გაუტოლდა (-0.12 პპ წ/წ და -0.05 პპ თ/თ). საბანკო სექტორში განთავსებული დეპოზიტები 2021 წლის სექტემბერში წლიურად 12.7%-ით, ხოლო წინა თვესთან შედარებით 1.3%-ით გაიზარდა (კურსის ეფექტის გამორიცხვით) და 35.9 მლრდ ლარი შეადგინა. ვალუტების მიხედვით, ლარის დეპოზიტების წლიური ზრდა 11.6% იყო, ხოლო უცხოურ ვალუტის დეპოზიტების ზრდამ 13.3% შეადგინა. ამასთან, სექტემბერში დეპოზიტების დოლარიზაციამ 60.7% შეადგინა (-0.86 პპ წ/წ და +0.63 პპ თ/თ).
Galt & Taggart აღნიშნავს, რომ საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა 2021 წლის 27 ოქტომბერს რეფინანსირების განაკვეთი უცვლელად 10%-ზე დატოვა. სებ-ის თანახმად, სექტემბერში წლიურმა ინფლაციამ 12.3% შეადგინა, რასაც ძირითადად კვლავ ერთჯერადი ფაქტორები განაპირობებდა - მსოფლიო ბაზრებზე სურსათისა და ნავთობის ფასების ზრდა, აგრეთვე საერთაშორისო ტრანსპორტირების გაზრდილი ხარჯები. სებ-ის მიმდინარე პროგნოზით, ინფლაცია 2022 წლის თებერვლის ჩათვლით მაღალ დონეზე შენარჩუნდება, ხოლო 2022 წლის გაზაფხულიდან შემცირებას დაიწყებს, რასაც, დროებითი ფაქტორების მილევასთან ერთად, გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკის შენარჩუნება და ფისკალური კონსოლიდაცია შეუწყობს ხელს. სებ-ის მიხედვით ინფლაციური რისკები ნარჩუნდება, და მათი რეალიზების შემთხვევაში შესაძლებელია მონეტარული პოლიტიკის შემდგომი გამკაცრება მოხდეს. ამასთან, სებ-მა 2021 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 10.0%-მდე გაზარდა წინა 8.5%-დან. მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის შემდეგი სხდომა 2021 წლის 8 დეკემბერს ჩატარდება.
საქსტატის წინასწარი მონაცემებით, 2021 წლის სექტემბერში საქართველოს ეკონომიკა წლიურად 6.9%-ით გაიზარდა წინა თვის 10.3%-იანი ზრდის შემდეგ. ამასთან, რეალური მშპ 6.1%-ით არის გაზრდილი 2019 წლის სექტემბერთან შედარებით. სექტემბერში ზრდა დაფიქსირდა ეკონომიკის ყველა სექტორში, მშენებლობის დარგის გარდა. ზრდას ხელი შეუწყო ფულადი გზავნილებიდან და ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავლებმა, ასევე მთავრობის ხარჯებისა და საბანკო სესხების ზრდამ. ჯამურად, 2021 წლის პირველ 9 თვეში, საქართველოს ეკონომიკა 11.3%-ით გაიზარდა (+4.8% 2019 წლის პირველ 9 თვესთან შედარებით).
1-ელი ნოემბრის მიმოხილვაში აღნიშნულია, რომ საქსტატის მიხედვით, თბილისის საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასების ინდექსი წლიურად 8.9%-ით გაიზარდა 2021 წლის მე-3 კვარტალში, წინა კვარტალში დაფიქსირებული 10.1%-იანი ზრდის შემდეგ. ამასთან, კერძო სახლების ფასების წლიური ზრდა 13.5%-მდე შენელდა, ხოლო საცხოვრებელი ბინების ფასების წლიური ზრდა თითქმის არ შეცვლილა და 7.3% შეადგინა. ამასთან, 2021 წლის მე-3 კვარტალში 2021 წლის მე-2 კვარტალთან შედარებით ფასები შემცირდა ორივე სეგმენტში - კერძო სახლების ფასები 4.6%-ით, ხოლო საცხოვრებელი ბინების ფასები 1.8%- ით შემცირდა, რამაც მთლიანი საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასების ინდექსის 2.5%-იანი კვარტალური კლება განაპირობა. აღსანიშნავია, რომ საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასების ინდექსი ფარავს მხოლოდ ახალი საცხორებელი უძრავი ქონების ბაზარს თბილისის მასშტაბით.