BILETEBI.GE კანონის მიღებას ითხოვს, რომელიც საფინანსო ინსტიტუტებს არაპროფილური ბიზნესების ფლობას შეუზღუდავს, ამის მიზეზად კი ასახელებს იმას, რომ ერთ-ერთი წამყვანი ბანკი საქართველოში აქტიურად ახორციელებს ქართული ონლაინ ბიზნესების შესყიდვას, რასაც თან სდევს კონკურენტების ჩამოშორება ყველა მის ხელში არსებული მექანიზმით - იქნება ეს ფინანსური, საინფორმაციო თუ საკრედიტო საშუალებები.
ბანკების ასოციაციის პრეზიდენტი ალექსანდრე ძნელაძე „კომერსანტთან“ ამბობს, რომ დღეის მდგომარეობით ბანკებს არაპროფილური ბიზნესების ფლობა უკვე აკრძალული აქვთ, გარდა საფინანსო სექტორში ჩართული კომპანიებისა, შესაბამისად biletebi.ge-ს მხრიდან უფრო მეტი კონკრეტიკაა საჭირო თუ რაში ადანაშაულებს ბანკებს.
„განცხადება, რომელიც biletebi.ge-მ გაავრცელა რითი იყო ინსპირირებული და კონკრეტულად რასთან არის დაკავშირებული უფრო მეტ დეტალს საჭიროებს. ზოგადად კი დღეის მდგომარობით ბანკებს არაპროფილური ბიზნესების ფლობა უკვე აკრძალული აქვთ, გარდა საფინანსო სექტორში ჩართული კომპანიებისა. ეს კანონი უკვე მოქმედებს და ამასთან დაკავშირებით თავის დროზე სერიოზული უკმაყოფილებაც იყო საბანკო სექტორის მხრიდან. შესაბამისად, როდესაც არაპროფილურ აქტივებზე მიმდინარეობს საუბარი, გასარკვევია რა მიმართულებით ხდება, ეს არის საფინანსო სექტორი თუ სხვა.
საინტერესოა ასევე კონკრეტულად რა პრობლემები ექმნება კომპანიას, თუმცა არაპროფილური აქტივის ფლობაზე ძალიან ბევრი აკრძალვა არის საფინანსო სექტორისთვის, ამიტომ ასე ხელაღებით ვერ ვიტყვით, რომ ეს კანონი არ მოქმედებს. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ყველაზე მკაცრი მიდგომა საკანონმდებლო კუთხით აქვს საფინანსო სექტორს, კონკრეტულად კი საბანკო სექტორს“, — განმარტავს ალექსანდრე ძნელაძე.