„ბანკი აგრძელებს „ვითიბის“ ლიცენზიით ფუნქციონირებას“, — ამის შესახებ საქართველოს საბანკო ასოციაციის ხელმძღვანელმა ალექსანდრე ძნელაძემ „კომერსანტთან“ განაცხადა.
მისი თქმით, „ვითიბი ბანკის“ ხელმძღვანელის ანდრეი კოსტინის განცხადებაში, რომ ბანკი თავის პოზიციებს მხოლოდ საქართველოში თმობს და ქვეყნიდან გადის, არ გამოიკვეთა ბანკი იყიდება თუ გაკოტრების რეჟიმში გადადის.
„კოსტინის განცხადებაში უბრალოდ მინიშნება იყო, რომ შეიძლება „ვითიბი ბანკი“ გაიყიდოს, მაგრამ ამ დროისთვის დაზუსტებული ინფორმაცია არ არსებობს ბანკი იყიდება თუ გადავა გაკოტრების რეჟიმში. ამის შესახებ ინფორმაცია არც საბანკო ასოციაციაში არ გვაქვს.
ჩვენი ინფორმაციით ბანკი აგრძელებს ვითიბი ბანკის ლიცენზიის ქვეშ ფუნქციონირებას, რადგან მას ჯერ კიდევ აქვს საკმარისი კაპიტალი, რომ უზრუნველყოს იმ მომხმარებლის მომსახურება, რომელიც მასთან რჩება“, — აღნიშნავს ძნელაძე.
რუსეთის უკრაინაში შეჭრის გამო აშშ-მა, ევროკავშირმა, გაერთიანებულმა სამეფომ და სხვა სახელმწიფოებმა ოკუპანტ ქვეყანას მიმდინარე წლის 25 თებერვალიდან ფინანსური სანქციები დაუწესა. „ვითიბი ბანკის ჯგუფიც“ იმ რუსული კომპანიების სიაში მოხვდა, რომელთა წინააღმდეგაც ამერიკული სანქციები ამოქმედდა. სიაშია „ვითიბი ბანკი“ და მისი 20 შვილობილი კომპანიაა, მათ შორის სანქცია შეეხო საქართველოში რუსეთის სახელმწიფო ბანკის VTB-ის შვილობილსაც, რომელსაც აშშ-ის საფინანსო სისტემის გავლით ნებისმიერი ფინანსური ოპერაციის შესრულება აეკრძალა.
სანქციების ამოქმედებიდან რამდენიმე დღეში „ვითიბი ბანკი საქართველომ“ საცალო პორტფელი „ბაზისბანკზე“ გაასხვისა, ერთ კვირაში კი „ლიბერთი ბანკმა“ „ვითიბი ბანკის“ მცირე და საშუალო ბიზნესის პორტფელი გადაიბარა. მიუხედავად იმისა, რომ უკვე სამი თვეა აქტიურად საუბრობენ როგორც ეროვნულ ბანკში ასევე „ბანკების ასოციაციაში“ „ვითიბი ბანკის“ ინვესტორებით დაინტერესების შესახებ, ერთადერთი სანქცირებული ბანკი საქართველოში შეზღუდული ტრანზაქციებით და მომსახურებებით აგრძელებს ფუნქციონირებას და ჯერჯერობით ლიცენზიასაც ინარჩუნებს.
ნინო თამაზაშვილი