“დღევანდელი საკლუბო ღამე ჩატარდება ზუსტად ისე როგორც იყო დაგეგმილი, ყველა არსებული კოვიდრეგულაციის დაცვით.“ — ამ ინფორმაციას ღამის კლუბ “ბასიანის“ ადმინისტრაცია სოციალურ ქსელში ავრცელებს.
“კომერსანტი“ განცხადებას უცვლელად გთავაზობთ .
“დღევანდელი საკლუბო ღამე ჩატარდება ზუსტად ისე როგორც იყო დაგეგმილი, ყველა არსებული კოვიდრეგულაციის დაცვით.
თუმცა, აუცილებლად გვინდა წინასწარ შეგატყობინოთ და გაგაფრთხილოთ, რომ არ არის გამორიცხული სახელმწიფოს მხრიდან მორიგი მტრული ნაბიჯი და არსებობს ესკალაციის რისკი.
საკლუბო ღამეზე დასასწრებად აუცილებლად უნდა წარმოადგინოთ:
- ონლაინ ბილეთის უნიკალური კოდი;
- პირადობის დამადასტურებელი მოწმობა (მხოლოდ ფიზიკური დოკუმენტი, არ მიიღება ასლი ან ტელეფონში არსებული ფოტო);
- ვაქცინაციის ან კოვიდის გადატანის დამადასტურებელი დოკუმენტი, რომლის უნიკალური კოდი გენერირებულია ვებგვერდზე: EU Digital COVID Certificate.“ — ნათქვიამია განცხადებაში.
შეგახსენებთ რომ შრომის ინსპექციამ კლუბი „ბასიანი“ 10 ათასი ლარით დააჯარიმა და მისი დალუქვის გადაწყვეტილება მიიღო. შრომის ინსპექციის თანამშრომლებმა კლუბის წარმომადგენელს „გონივრული ვადა“ მისცეს შენობის დასაცლელად.
„მთავრობის 322-ე დადგენილების საფუძველზე, მთავარი შრომის ინსპექტორის ბრძანების საფუძველზე, გადაწყვეტილება არის მიღებული ობიექტის დალუქვის შესახებ.
გაძლევთ გონივრულ ვადას, დატოვოთ ტერიტორია და გამოიტანოთ ტექნიკა. ასევე გამოტანილია ოქმი 10 ათასი ლარით დაჯარიმების შესახებ“ — განუცხადა შრომის ინსპექციის წარმომადგენელმა კლუბის დამფუძნებელს.
შრომის ინსპექციის წარმომადგენლებს კლუბში შესვლა სურდათ, მაგრამ მათ კლუბის კარი არ გაუღეს. „ბასიანში“ დღეს, 24 დეკემბერს, დაგეგმილია გასართობი ღონისძიება. კლუბთან ღონისძიების დაწყებას ელოდებიან ადამიანები, რომლებსაც ბილეთები უკვე ნაყიდი აქვთ.
ღამის კლუბები აცხადებენ, რომ მიმდინარე წლის დეკემბერში ხელისუფლებისგან მათ მიიღეს გახსნის პირობა, მოემზადნენ გასახსნელად, თუმცა მათთვის მოულოდნელად მათ მუშაობის უფლება კვლავ არ ეძლევათ. მიუხედავად შეზღუდვისა, კლუბებმა მაინც გადაწყვიტეს ღონისძიების ჩატარება. თუმცა კლუბების ნაწილი შრომის ინსპექციამ უკვე დალუქა.