საქართველოს საერთაშორისო აეროპორტებიდან 1-ლი აგვისტოს მდგომარეობით ფრენები 77 მიმართულებით სრულდება. სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს განმარტებით, პანდემიამდელ პერიოდში - 2019 წლის აგვისტოში ფრენები 80 მიმართულებით ხორციელდებოდა, შესაბამისად ავიამიმართულებები 96%-ითაა აღდგენილი. ამასთან თუ ქუთაისის აეროპორტში მიმართულებები მხოლოდ 72%-ით აღდგა, ბათუმის აეროპორტში პანდემიამდელ მაჩვენებელს 50%-ით გადააჭარბა.
მიმდინარე წლის 1 აგვისტოს მდგომარეობით, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ოპერირებს 32 ავიაკომპანია 24 ქვეყნის 37 მიმართულებით; 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, აღდგენილია ავიარეისების 76%-ი (230-240 სიხშირე კვირაში), ხოლო საჰაერო მიმართულებების 95%.
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში 1-ლი აგვისტოს მდგომარეობით ოპერირებს 3 ავიაკომპანია 12 ქვეყნის 21 მიმართულებით; 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, აღდგენილია ავიარეისების 80%-ი (55-60 სიხშირე კვირაში), ხოლო საჰაერო მიმართულებების 72%.
მიმდინარე წლის 1 აგვისტოს მდგომარეობით, ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში 7-ით მეტი ავიაკომპანია ოპერირებს ვიდრე 2019 წლის ანალოგიურ პერიოდში. ფრენები სრულდება 12 ქვეყნის 19 მიმართულებით.
ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი ამჟამად 50%-ით მეტ რეისს ემსახურება (100 -105 სიხშირე კვირაში), ვიდრე ანალოგიურ საანგარიშო პერიოდში.
მთლიანად საქართველოს მასშტაბით მიმდინარე წლის 1 აგვისტოს მდგომარეობით, საავიაციო ბაზარზე ოპერირებას ახორციელებს 39 ავიაკომპანია - ორით მეტი ავიაკომპანია ვიდრე 2019 წლის ანალოგიურ პერიოდში.
2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, აღდგენილია ავიარეისების 88%-ი. მიმდინარე წლის 1 აგვისტოს მდგომარეობით, ფრენები ხორციელდება 385-405 სიხშირით კვირაში. 2019 წლის ამ დროს კი, რეისები სრულდებოდა კვირაში 440-460 სიხშირით.