აჭარის სამთავრობო დელეგაციამ ფრანკფურტში გერმანიის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (KfW) მენეჯერებთან სამომავლო თანამშრომლობის გეგმები შეათანხმა. როგორც ბათუმის მერი არჩილ ჩიქოვანი აცხადებს, KfW-ს მხარდაჭერით, ბათუმში პროექტი - „ენერგოეფექტური ღონისძიებები და ევროკავშირის ენერგოეფექტურ სტანდარტებთან დაახლოება საქართველოში“ ხორციელდება, რომელიც ითვალისწინებს ბათუმის საჯარო საბავშვო ბაღების ენერგოეფექტურად რეაბილიტაციას. პროექტის დასრულების შემდეგ, ბათუმი ევროსტანდარტების შესაბამისი ენერგოდამზოგავი ტექნოლოგიებით აღჭურვილი ბაღების მქონე პირველი ქალაქი იქნება საქართველოში.
„გერმანია-საქართველოს ფინანსური თანამშრომლობის ფარგლებში, KfW-ს მხარდაჭერით, ბათუმში წყლისა და წყალარინების სისტემების პროექტის IV ფაზა უკვე დასრულებულია. ასევე, გერმანულ მხარესთან მიღწეულია შეთანხმება შემოერთებულ ტერიტორიებზე პროექტის V ფაზის განხორციელებასთან დაკავშირებით. ეს იქნება ერთ-ერთი მასშტაბური პროექტი, რისთვისაც 78.8 მილიონი ევრო დაიხარჯება. პროექტის ფარგლებში დაგეგმილია წყალარინების გამწმენდი ნაგებობების გაფართოება, სატუმბი სადგურების მშენებლობა-რეაბილიტაცია და წყლის სამარაგო რეზერვუარის მშენებლობა. წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემების სრულად მოწესრიგების შემდეგ, აღნიშნულ ტერიტორიებზე მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება საინვესტიციო გარემო, რაც ეკონომიკურ სარგებელს მოუტანს ადგილობრივ მოსახლეობას“, - განმარტავს ბათუმის მერი.
KfW-ის დაფინანსებით, 2019 წელს ჩატარდა სატრანსპორტო მობილობის ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა და მომზადდა ბათუმის მდგრადი ტრანსპორტის შეფასების ანგარიში, რომლის ფარგლებშიც იგეგმება ახალი პროექტის დაწყება.
KfW-სთან თანამშრომლობა აქტიურად გრძელდება ასევე ჭკვიანი სატრანსპორტო სისტემების, ველო და ქვეითთა ინფრასტრუქტურის, მდგრადი ურბანული ტრანსპორტის განვითარების მიმართულებითაც.