სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია ბათუმში მომხდარი ტრაგედიის გამო გარდაცვლილთა ოჯახებს უსამძიმრებს და აცხადებს, რომ აღნიშნულმა ფაქტმა ცხადყო, რამდენად მნიშვნელოვანია სახელმწიფო რეგულაციების გამკაცრება. სახალხო დამცელის განცხადება მის
.ომბუდსმენის განმარტებით, თითოეული მოქალაქის ვალია, არ იმოქმედოს მხოლოდ საკუთარი ინტერესებით, რაც რისკის ქვეშ დააყენებს მასაც და გარშემო მყოფებსაც.
„სახალხო დამცველი მწუხარებას გამოთქვამს ბათუმში მომხდარი ტრაგედიის გამო და უსამძიმრებს გარდაცვლითა ოჯახებს!
ბათუმში მომხდარმა საზარელმა ფაქტმა ცხადყო რამდენად მნიშვნელოვანია სახელმწიფო რეგულაციების გამკაცრება, უკანონო მშენებლობების აღმოფხვრა და ზედამხედველობა, ასევე სამოქალაქო პასუხისმგებლობა.
ჯერჯერობით უცნობია ამ დიდი ტრაგედიის მიზეზები, რომელიც შესაძლოა, ერთი შეხედვით უმნიშვნელო დაუდევრობას გამოეწვია. სწორედ ამიტომ, თითოეული მოქალაქის ვალია სიფრთხილე გამოიჩინოს და არ იმოქმედოს მხოლოდ საკუთარი ინტერესებით, რაც რისკის ქვეშ დააყენებს მასაც და გარშემო მყოფებსაც.
იმედს გამოვთქვამ, რომ გამოძიება დროულად და ეფექტიანად წარიმართება.
ვუსამძიმრებ გარდაცვლილთა ოჯახებს და დაზარალებულ პირებს გამოჯანმრთელებას და გამძლეობას ვუსურვებ!
აქვე მინდა მადლობა გადავუხდო მაშველებს, რომლებიც 24 საათიან რეჟიმში მუშაობდნენ თითოეული სიცოცხლის გადასარჩენად - თქვენ გმირულ საქმეს აკეთებთ!“- აღნიშნულია სახალხო დამცველის განცხადებაში.
საქართველოში 11 ოქტომბერი გლოვის დღედ გამოცხადდა. მთავრობამ უკვე გამოსცა შესაბამისი განკარგულება, რომლის მიხედვით, 11 ოქტომბრის 00:00 საათიდან,12 ოქტომბრის 00:00 საათამდე, საქართველოს მთელს ტერიტორიაზე სახელმწიფო დროშები დაეშვება.
იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, ბათუმში ჩამონგრეულ კორპუსზე მშენებლობა უნებართვოდ მიმდინარეობდა.
ამჟამად, ბათუმში ჩამონგრეული კორპუსის ნანგრევებში კიდევ სამ ადამიანს ეძებენ. ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე, 7-სართულიანი შენობის ერთი სადარბაზო გუშინ ჩამოინგრა. საცხოვრებელი კორპუსის ნგრევის ფაქტზე შსს-მ 3 პირი, მათ შორის პირველ სართულზე მდებარე ბინის მესაკუთრეა დააკავა. ბათუმის ტრაგედიის გამო დასაკავებელ პირთა რიცხვი შეიძლება გაიზარდოს. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომლები ჯერ-ჯერობით მომხდარის გამო ჯერ არ გამოკითხულან.
აჭარის მთავრობის ინფორმაციით, დანგრეული კორპუსის მიმდებარე შენობების მდგრადობას გეოლოგები შეისწავლიან. თორნიკე რიჟვაძის ინფორმაციით, ჩამონგრეულ შენობაში მოსახლეობის შეყვანა დაუშვებელია და მისი დემონტაჟი უნდა მოხდეს. რიჟვაძის განცხადებით, ბათუმში ჩამონგრეული საცხოვრებელი სახლის მცხოვრებლები უზრუნველყოფილი იქნებიან საცხოვრებლით და ყველა სხვა საჭირო საშუალებით.
პრემიერ ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, ბათუმში მომხდარი ტრაგედიის გამო, საქართველოში 11 ოქტომბერი გლოვის დღედ გამოცხადდა.
შსს-ის გამოძიებით დადგინდა, რომ ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელი კორპუსის პირველი სართულზე ერთ-ერთი ბინის მფლობელმა ბინაში სარემონტო სამუშაოებისთვის ორი პირი დაიქირავა. ბინის მესაკუთრის მითითებით და უსაფრთხოების წესების უხეში დარღვევით საცხოვრებელ ბინაში სამშენებლო-სარემონტო სამუშაოები განხორციელდა, რამაც მიმდინარე წლის 8 ოქტომბერს საცხოვრებელი კორპუსის ერთი სადარბაზოს ჩამონგრევა გამოიწვია.