ერთი ადამიანი დაშავდა ძლიერი წვიმით გამოწვეული მეწყრის შედეგად, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ფერიის თემში. დაშავებულია ქალი, რომლის საცხოვრებელი სახლის კედელი მეწყერმა დაანგრია. ხელვაჩაურის მერმა, ჯუმბერ ვარდმანიძემ რადიო თავისუფლებას აცნობა, რომ ქალს ფეხი აქვს მოტეხილი და საავადმყოფოში ოპერაციას უკეთებენ.
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში გააქტიურდა ათობით ძველი და ახალი მეწყრული კერა. „შეიძლება ითქვას, რომ 7 ოჯახი ეკომიგრანტია. მათი სახლები საცხოვრებლად აღარ გამოდგება. ეს რაც ამ დროისთვის დავადგინეთ. მოკვლევა მიმდინარეობს. ძალიან ბევრი მეწყრული კერა განვითარდა ხელვაჩაურში, მათ შორის სოფლებში, მახო, ერგე, ჟოჭო, ორთაბათუმი. ასევე, ახალშენის, მახინჯაურისა და ფერიის თემში“, - გვითხრა ხელვაჩაურის მერმა. მისი ინფორმაციით, მეწყრის კერების უმრავლესობა ახალია. სტიქიის ზონაში სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს. ადგილზე ვითარებას სწავლობენ გეოლოგები.
ძლიერი წვიმის შედეგად, 20-მდე ადგილას მეწყერი ჩამოწვა ბათუმის გარეუბნებშიც. ქალაქის მერიის ინფორმაციით, თოდოგაურის ქუჩაზე განვითარებული მეწყრული პროცესის შედეგად ჩამოიშალა ფერდსამაგრი კედელი. უკვე დაწყებულია სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოები. შექმნილ ვითარებას იკვლევენ გეოლოგები, რომელთა დასკვნის შესაბამისად მიღებული იქნება ფერდსამაგრი კედლის მახლობლად მცხოვრები ოჯახის ალტერნატიულ ფართში გადაყვანის გადაწყვეტილება.
ძლიერი წვიმის შედეგად შედეგად ბათუმში დაიტბორა ათობით ქუჩაც, ძირითადად, ქალაქის გარეუბნებში. წყალი შევიდა საცხოვრებელ სახლებსა და მაღაზიებში.