შინაგან საქმეთა მინისტრის ვახტანგ გომელაურის განცხადებით, ბათუმში ბინის ნანგრევებში კიდევ ერთი გარდაცვლილი ადამიანი იპოვეს. ჯამში 26 მაისის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსის ერთი სადარბაზოს ჩამოშლას 9 ადამიანი ემსხვერპლა.
გომელაურის თქმით, სავარაუდოდ, აღარავინ იმყოფება და ტერიტორიაზე სამძებრო სამუშაოები შეჩერდება.
„მინდა მივუსამძიმრო ოჯახებს. მძიმე სიტუაციაა. 9 ადამიანია გარდაცვლილი. უძიმესი დღე იყო გუშინაც და დღესაც. 5 წუთის წინ ვიპოვეთ მე-9 გარდაცვლილი. ჩვენი ვარაუდით, არც ერთი დაკარგული აღარაა და სამძებრო სამუშაოები შეჩერდება“,- განაცხადა გომელაურმა.
. მთავრობამ უკვე გამოსცა შესაბამისი განკარგულება, რომლის მიხედვით, 11 ოქტომბრის 00:00 საათიდან,12 ოქტომბრის 00:00 საათამდე, საქართველოს მთელს ტერიტორიაზე სახელმწიფო დროშები დაეშვება. აღარ არინიშნება თბილისობა. შეჩერდება საარჩევნო კამპანიაც.
დღეს 2021 წლის 9 ოქტომბერს, 23:30 საათზე, სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში, საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის თხოვნით, საქართველოს ერთიანობისა და მშვიდობისათვის აღევლინება შეკვეთილი წირვა. ლიტურგიის შემდეგ ჩატარდება პანაშვიდი, 8 ოქტომბერს ბათუმში საცხოვრებელი კორპუსის ჩამონგრევის შედეგად დაღუპულთა სულების მოსახსენიებლად, ასევე, აღევლინება პარაკლისი გარდაცვლილთა ოჯახის წევრებისა და ახლობლების, ბათუმის ტრაგედიის დროს დაშავებულების ჯანმრთელობისთვის.
სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია ამბობს, რომ ბათუმის ტრაგედიამ აჩვენა, რამდენად აუცილებელია სახელმწიფო რეგულაციების გამკაცრება მშენებლობისთვის.
იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, ამჟამად, ბათუმში ჩამონგრეული კორპუსის ნანგრევებში კიდევ სამ ადამიანს ეძებენ. ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე, 7-სართულიანი შენობის ერთი სადარბაზო გუშინ ჩამოინგრა. საცხოვრებელი კორპუსის ნგრევის ფაქტზე შსს-მ 3 პირი, მათ შორის პირველ სართულზე მდებარე ბინის მესაკუთრეა დააკავა. ბათუმის ტრაგედიის გამო დასაკავებელ პირთა რიცხვი შეიძლება გაიზარდოს. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომლები მომხდარზე ჯერ არ გამოკითხულან.
აჭარის მთავრობის ინფორმაციით, დანგრეული კორპუსის მიმდებარე შენობების მდგრადობას გეოლოგები შეისწავლიან. თორნიკე რიჟვაძის ინფორმაციით, ჩამონგრეულ შენობაში მოსახლეობის შეყვანა დაუშვებელია და მისი დემონტაჟი უნდა მოხდეს. რიჟვაძის განცხადებით, ბათუმში ჩამონგრეული საცხოვრებელი სახლის მცხოვრებლები უზრუნველყოფილი იქნებიან საცხოვრებლით და ყველა სხვა საჭირო საშუალებით.
პრემიერ ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, ბათუმში მომხდარი ტრაგედიის გამო, საქართველოში 11 ოქტომბერი გლოვის დღედ გამოცხადდა.
შსს-ის გამოძიებით დადგინდა, რომ ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელი კორპუსის პირველი სართულზე ერთ-ერთი ბინის მფლობელმა ბინაში სარემონტო სამუშაოებისთვის ორი პირი დაიქირავა. ბინის მესაკუთრის მითითებით და უსაფრთხოების წესების უხეში დარღვევით საცხოვრებელ ბინაში სამშენებლო-სარემონტო სამუშაოები განხორციელდა, რამაც მიმდინარე წლის 8 ოქტომბერს საცხოვრებელი კორპუსის ერთი სადარბაზოს ჩამონგრევა გამოიწვია.