ბათუმში „მაგნოლია 2022"-ის დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. ღონისძიებაზე გამარჯვებულები 13 ნომინაციაში გამოვლინდნენ. აჭარაში ტურიზმის განვითარებასა და პოპულარიზაციაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის დეპარტამენტმა მადლობის სიგელები გადასცა კერძო და საჯარო სექტორის, ასევე მედიის წარმომადგენლებს.
აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი „მაგნოლიას" დაჯილდოების ღონისძიებას აჭარაში 2015 წლიდან ატარებს. მისი მიზანი ტურისტული სექტორის წახალისება და რეგიონში სერვისის გაუმჯობესებაა. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი რეგიონში მაღალი სერვისის მიმწოდებელი ტურისტული ობიექტების გამოსავლენად ტურისტების და სექტორის შეფასებებს იყენებს.
ღონისძიებას ბათუმის დრამატულ თეატრში აჭარის მთავრობის, უმაღლესი საბჭოს ხელმძღვანელო პირები, ტურიზმის სექტორის, სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების, მედიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.