ვიდრე ქალაქის განაშენიანების გენერალური გეგმის კვლევითი სამუშაოები არ დასრულდება, შესაძლოა ბათუმში მშენებლობების ნებართვების გაცემა შეიზღუდოს.
„ბიზნესპარტნიორთან“ გენგეგმის ავტორი „სითი ინსტიტუტის“ ხელმძღვანელი მამუკა სალუქვაძე განმარტავს, რომ სწორედ კვლევების პერიოდში უნდა გამოვლინდეს, ხომ არ არის გაცემული ნებართვები ისეთ მშენებლობებზე, რომელიც კანონთან შეუსაბამოა.
„რაც უკვე გაფუჭებულია და შეუსაბამო, ვეცდებით გარემო გამოვასწოროთ ისე, რომ ეს შეუსაბამობა მეტნაკლებად გადავფაროთ. თუმცა ახლა იმის შესწავლა მიმდინარეობს, რაც დაგეგმილია. პირველ რიგში, უნდა ვეცადოთ, თავიდან ავიცილოთ შეცდომები. შესაძლოა, საწყის ეტაპზე მშენებლობებთან დაკავშირებით გარკვეულ დროებით შეზღუდვებზეც ვისაუბროთ. კარგად უნდა გავიაროთ ის საკითხები, რაც დაგეგმილია, რათა არ იყოს კანონთან შეუსაბამობა. მთავარია, სწორი პრინციპებით განვავითაროთ ქალაქი. ქალაქმა უნდა მიიღოს სახელმძღვანელო დოკუმენტი, როგორ უნდა განვითარდეს მისი განაშენიანება მომავალი წლების განმავლობაში.
ბათუმის მერიამ უნდა შეიძინოს ბერკეტი, მძლავრი იარაღი იმისთვის, რომ მან შესთავაზოს თამაშის წესები დეველოპერებს, ინვესტორებს და არა პირიქით, როგორც ეს დღეს ხდება. როდესაც არ არის ხოლმე ქალაქის ასეთი პოზიცია, სწორედ მაშინ ხდება ხოლმე ისეთი შეცდომები, რომელთანაც საქმე გვაქვს. გენგეგმა კი სწორედ გამოსავალია იმისთვის, რომ ასეთი შეცდომები აღარ განმეორდეს“, – განაცხადა სალუქვაძემ.
ბათუმის არქიტექტურის სამსახურში არ გამორიცხავენ, რომ ქალაქის განაშენიანების გენერალურ გეგმაზე მუშაობის პერიოდში მშენებლობის ნებართვები შეზღუდული რაოდენობით გაიცეს. ამის ერთადერთ მიზეზად სამსახურის უფროსი მირიან მეტრეველი „ბიზნესპარტნიორთან“ სამომავლოდ შეუსაბამობების თავიდან აცილებას ასახელებს.
„კვლევების ეტაპი რამდენიმე თვიანია. როდესაც კომპანია აწარმოებს კვლევებს, ასეთ დროს არ უნდა მოხდეს მონაცემთა შეუსაბამობა. სწორედ ეს არის შეზღუდვების ფუნქცია. აი, მაგალითად, როდესაც კომპანია რომელიმე კვარტალში იკვლევს რამდენი ნებართვაა გაცემული, რა ინტენსივობა არსებობს, მოსახლეობის რა რაოდენობაზეა გათვლილი იქ არსებული სიმძლავრეები და ამ დროს მას ემატება ახალი ნებართვები, შეიძლება, ამან გამოიწვიოს შეუსაბამობა. მხოლოდ ეს ერთადერთი ფუნქცია აქვს დროებითი შეზღუდვების შემოთავაზებას მერიისთვის, რაც საკონკურსო წინადადებაშიც იყო ჩადებული, თუ ამის აუცილებლობა დადგებოდა, - ამბობს მირიან მეტრეველი.
ბათუმის არქიტექტურის სამსახურის უფროსი განმარტავს, რომ ამ მიმართულებით კანონმდებლობა გენგეგმაზე მუშაობის დაწყებამდეც დაიხვეწა. შედეგად, მშენებლობის ნებართვები სრულყოფილად ჩატარებული კვლევების გარეშე აღარ გაიცემა. შეცვლილია K2 კოეფიციენტის გაზრდის მანამდე არსებული წესიც.
„ნებართვების გაცემასთან დაკავშირებით რაღაც შეზღუდვები ისედაც არსებობს. დიდი რაოდენობით მრავალსართულიან შენობებზე ნებართვები ისედაც არ გაიცემა. ასევე ბათუმში არის რამდენიმე ისეთი არეალი, სადაც თავს ვიკავებდით ნებართვების გაცემაზე“,- განმარტა მეტრეველმა.
business-partner.ge