ბათუმში სასტუმრო ჰილტონთან, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ბათუმის საკრებულოს წევრები შეიკრიბნენ. როგორც ნაციონალური მოძრაობის წევრი ლაშა კილაბერია აცხადებს , ისინი „ქართული ოცნების თავმჯდომარესთან შეხვედრას მოითხოვენ, მათ კონკრეტული კითხვები აქვთ გარდაცვლილ ნუგზარ ფუტკარაძესთან დაკავშირებით.
მისი თქმით, წინასაარჩევნოდ ირაკლი კობახიძე ბათუმში იმყოფებოდა, რომელმაც განაცხადა, რომ საკრებულოებში უმრავლესობა ექნებოდათ.
„მიუხედავად იმისა, რომ წინასაარჩევნოდ ოპოზიციის წევრებზე დაშინება და შანტაჟი მიმდინარეობდა, ბათუმის საკრებულოს უმრავლესობაში ვიმყოფებით. ჩვენ კოლეგაზე, ბათუმის საკრებულოს არჩეულ დეპუტატზე ნუგზარ ფუტკარაძეზე ზეწოლა მოხდა ქართული ოცნების მიერ, რამაც მისი გარდაცვალება გამოიწვია. ამის გამო პასუხისმგებლობას ვაკისრებთ ქართულ ოცნებას. აღნიშნულთან დაკავშირებით შეკითხვები გვაქვს ირაკლი კობახიძესთან“,- აცხადებს ლაშა კილაბერია.
შეგახსენებთ, რომ დღეს, ბათუმში, სასტუმრო „ჰილტონში“, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე საპარლამენტო უმრავლესობის წევრებთან ერთად, პარტიის ქალთა ორგანიზაციის დაფუძნებასთან დაკავშირებით, შეხვედრას გამართავს.
წყარო: "ინტერპრესნიუსი"