ბათუმში პარკინგზე ყველაზე მაღალი ფასი 7825 დოლარია, — ამის შესახებ ეროვნული ბანკის უძრავი ქონების დეველოპმენტის სექტორის კვლევაშია აღნიშნული.
პარკინგის ფასი სანაპირო ზოლებში უფრო მაღალია, ვიდრე ცენტრალურ უბნებში.
„თუმცა რადგან ეს საცხოვრებელი ბინის ფასის უფრო ნაკლებ პორციას შეადგენს, ვიდრე ცენტრალურ უბნებში (ანუ ნაკლებად შემოსავლიანია ბინასთან შედარებით), მიწოდებაც უფრო ნაკლებია სანაპირო ზოლში (პარკინგის რაოდენობა 1 კვ.მ-ზე). ცენტრალურ უბნებში ერთ ბინაზე პარკინგის უფრო მეტ რაოდენობას ამ ბინების საცხოვრებელი დანიშნულებაც განსაზღვრავს“, — აღნიშნულია კვლევაში.
თბილისისგან განსხვავებით, ისევე როგორც ბათუმში, სამშენებლო პროექტებში ზამთრის კურორტებზეც ძალიან მცირე საპარკინგე ადგილების გათვალისწინება ხდება. ზამთრის კურორტებზე ავტოფარეხების ხარჯზე მომატებულია საცხოვრებელი ფართების მოცულობა/რაოდენობა, გეოგრაფიული რელიეფიდან გამომდინარე პარკინგები მეტია გუდაურის პროექტებში, ბაკურიანში კი უფრო მეტი „უფასო“ ალტერნატივა არსებობს.
თბილისის და ბათუმის გარდა, საქართველოს სხვა რეგიონში პარკინგის საშუალო ფასი 3211 დოლარია.