მცირე, საშუალო და კორპორაციული საკრედიტო რისკების განყოფილების მთავარმა სპეციალისტმა ირაკლი ისაკაძემ რადიო „კომერსანტის“ ეთერში ეროვნული ბანკის უძრავი ქონების დეველოპმენტის სექტორის კვლევა მიმოიხილა. მისი თქმით, რუსეთიდან შემოსული მიგრანტების მონაწილეობა ნასყიდობის ტრანზაქციებში ბათუმში 5%-დან 17,6%-მდე გაიზარდა, თბილისში -1-დან 4.4%-მდე. მშენებარე და ახალაშენებულ ბინებზე მოთხოვნის ნახევარი კი ბათუმში უცხოელებზე მოდის.
„გამოვიკვლიეთ უცხოელებს რა წვლილი მიუძღვით ნასყიდობის ტრანზაქციებში. ვნახეთ, რომ განსაკუთრებით დიდი ზრდაა ბათუმში. იქ რუსეთიდან ჩამოსული მიგრანტების მონაწილეობა ნასყიდობის ტრანზაქციებში თუ წინა წლის დასაწყისში 5% იყო, წლის ბოლოსკენ - ნოემბერში 17,6%-ს მიაღწია, ხოლო თბილისში 1-დან 4.4%-მდე გაიზარდა. გარდა ამისა, ბათუმში მშენებარე და ახალაშენებულ ბინებზე მოთხოვნის ნახევარი უცხოელებზე მოდის“ - განაცხადა ირაკლი ისაკაძემ.
მისი თქმით, გასული წლის 11 თვის მონაცემების მიხედვით, მთლიანი ნასყიდობის ტრანზაქციების 57% თბილისშია თავმოყრილი. პრეპანდემიამდელი მაჩვენებელი ოდნავ 60%-დან 3%-თაა შემცირებული. ბათუმზე მთლიანი ნასყიდობის ტრანზაქციების 20-21%-ი მოდის. ხოლო იპოთეკური სესხების პორტფელი წლის განმავლობაში 13-15%-ის ფარგლებში გაიზარდა.