ბათუმში, ტრაგედიის ადგილზე დილიდან ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. სპეციალისტები მიმდებარე ტერიტორიებზე საცხოვრებელი კორპუსების უსაფრთხოებას სწავლობენ.
ჩამონგრეული სადარბაზოს მიმდებარედ ყველა ბინა დალუქულია და მოსახლეობას შესვლა ეკრძალება.
ნანგრევებზე ამ დროისთვის მძიმე ტექნიკის მუშაობა გაჩერებულია.
ევაკუირებული კორპუსებიდან მოსახლეობა აცხადებს, რომ ნგრევის შედეგად ბინების კედლებზე ბზარები გაჩნდა, რაც საცხოვრებლად უსაფრთხო არ არის, ისინი დახმარებას ხელისუფლებას სთხოვენ.
შემთხვევის ადგილზე, მოქალაქეები დილიდან მიდიან და ე.წ. გლოვის კუთხესთან ყვავილები და სანთლები მიაქვთ. ისინი გარდაცვლილთა გამო მწუხარებას გამოთქვამენ და მომხდარზე, დამნაშავეების უმკაცრესად დასჯას მოითხოვენ.
მოქალაქეები ამბობენ, რომ უკანონო მშენებლობებზე ხელისუფლებას მკაცრი რეაგირება უნდა ჰქონდეს.
ბათუმში, 26 მაისის ქუჩა, სადაც ტრაგედია მოხდა, გადაკეტილია და ადგილზე სამართალდამცავები იმყოფებიან.
ჯამში 26 მაისის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსის ერთი სადარბაზოს ჩამოშლას 9 ადამიანი ემსხვერპლა. ჩამონგრეული სადარბაზოს მიმდებარე ტერიტორიიდან მოქალაქეები გაიყვანეს. ევაკუაცია იმის გამო მოხდა, რომ არსებობს ნგრევის გაგრძელების საშიშროება. ნანგრევებიდან დაზარალებულთა და გარდაცვლილთა ამოსაყვანად სამაშველო ოპერაციაში 400 მეხანძრე-მაშველი მონაწილეობდა.
საქართველოში 11 ოქტომბერი გლოვის დღედ გამოცხადდა. მთავრობამ უკვე გამოსცა შესაბამისი განკარგულება, რომლის მიხედვით, 11 ოქტომბრის 00:00 საათიდან,12 ოქტომბრის 00:00 საათამდე, საქართველოს მთელს ტერიტორიაზე სახელმწიფო დროშები დაეშვება. აღარ აღინიშნება თბილისობა. შეჩერდება საარჩევნო კამპანიაც.
სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია ამბობს, რომ ბათუმის ტრაგედიამ აჩვენა, რამდენად აუცილებელია სახელმწიფო რეგულაციების გამკაცრება მშენებლობისთვის.
იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, ბათუმში ჩამონგრეულ კორპუსზე მშენებლობა უნებართვოდ მიმდინარეობდა.
ამჟამად, ბათუმში ჩამონგრეული კორპუსის ნანგრევებში კიდევ სამ ადამიანს ეძებენ. ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე, 7-სართულიანი შენობის ერთი სადარბაზო გუშინ ჩამოინგრა. საცხოვრებელი კორპუსის ნგრევის ფაქტზე შსს-მ 3 პირი, მათ შორის პირველ სართულზე მდებარე ბინის მესაკუთრეა დააკავა. ბათუმის ტრაგედიის გამო დასაკავებელ პირთა რიცხვი შეიძლება გაიზარდოს.
აჭარის მთავრობის ინფორმაციით, დანგრეული კორპუსის მიმდებარე შენობების მდგრადობას გეოლოგები შეისწავლიან. თორნიკე რიჟვაძის ინფორმაციით, ჩამონგრეულ შენობაში მოსახლეობის შეყვანა დაუშვებელია და მისი დემონტაჟი უნდა მოხდეს. რიჟვაძის განცხადებით, ბათუმში ჩამონგრეული საცხოვრებელი სახლის მცხოვრებლები უზრუნველყოფილი იქნებიან საცხოვრებლით და ყველა სხვა საჭირო საშუალებით.
პრემიერ ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, ბათუმში მომხდარი ტრაგედიის გამო, საქართველოში 11 ოქტომბერი გლოვის დღედ გამოცხადდა.
შსს-ის გამოძიებით დადგინდა, რომ ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელი კორპუსის პირველი სართულზე ერთ-ერთი ბინის მფლობელმა ბინაში სარემონტო სამუშაოებისთვის ორი პირი დაიქირავა. ბინის მესაკუთრის მითითებით და უსაფრთხოების წესების უხეში დარღვევით საცხოვრებელ ბინაში სამშენებლო-სარემონტო სამუშაოები განხორციელდა, რამაც მიმდინარე წლის 8 ოქტომბერს საცხოვრებელი კორპუსის ერთი სადარბაზოს ჩამონგრევა გამოიწვია.