ბავშვთა ადრეული განვითარების და აბილიტაცია/რეაბილიტაციის ქვეპროგრამაში ჩართული საქართველოს მასშტაბით მომუშავე ექიმები, ფსიქოლოგები, ექთნები, ფიზიკური თერაპევტები, ადრეული განვითარების სპეციალისტები, მასაჟისტები, ოკუპაციური თერაპევტები, მეტყველების თერაპევტები, სპეც. პედაგოგები, ქცევის თერაპევტები, ფსიქიატრები და სხვა სპეციალისტები ჯანდაცვის სამინისტროსთან შრომის პირობების გაუმჯობესებისა და ღირსეული ხელფასების მოთხოვნის მიზნით 14 თებერვალს აქციას გამართავენ.
როგორც აქციის ორგანიზატორების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, აქციის მონაწილეებს 7 მოთხოვნა აქვთ:
1)მოემატოთ აღნიშნული ქვეპროგრამის ფარგლებში დასაქმებულ პირებს ხელფასები. კერძოდ: აბილიტაცია/რეაბილიტაციის ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებული დაფინანსების ოდენობა, რაც დღეს 17 ლარია, გაიზარდოს 30 ლარამდე. ასევე კონკრეტულად დასაქმებულისთვის დადგინდეს მინიმალური ანაზღაურება და განისაზღვროს იგი საათში 20 ლარით (გადასახადების გარეშე). ადრეული განვითარების ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებული დაფინანსების ოდენობა, რაც დღეს 22 ლარია, გაიზარდოს 35 ლარამდე. ასევე, კონკრეტულად დასაქმებულებისთვის დადგინდეს მინიმალური ანაზღაურება და განისაზღვროს იგი საათში 25 ლარით (გადასახადების გარეშე);
2)ბენეფიციარების მიერ გაცდენილი საათები აუნაზღაურდეთ დასაქმებულებს;
3)დასაქმებულებს მიეცეთ ანაზღაურებადი შვებულებით, დეკრეტული შვებულებით და დროებითი შრომისუუნარობის დროს ანაზღაურებით სარგებლობის საშუალება. აღნიშნული დაფინანსება გაითვალისწინოს ქვეპროგრამამაც.
4)მიეცეთ დასაქმებულებს ჯანმრთელობის დაზღვევა;
5)დიდ ქალაქებში მომუშავე დასაქმებულები უზრუნველყოფილნი იყვნენ საზოგადოებრივი ტრანსპორტის შეღავათებით. ხოლო რეგიონებში დასაქმებულ პირებს აუნაზღაურდეთ გადაადგილების ხარჯი;
6)დასაქმებულებს აუნაზღაურდეთ ზეგანაკვეთური სამუშაოები;
7)უზრუნველყოფილი იყოს დასაქმებულთა უსაფრთხოება;