„კვალიფიციური მზარეულების დეფიციტია, რადგან ბაზარი არ იძლევა საშუალებას მზარეულს 3000 ლარზე მეტი გადაუხადო“, — ამის შესახებ „კომერსანტს“ ქეითერინგ კომპანია ETG GROUP-ის დამფუძნებელმა გიორგი საღინაძემ უთხრა.
მისი თქმით, შეუსაბამო ხელფასები კვალიფიციურ კადრებს აიძულებს ემიგრაციაში წავიდნენ.
„კვალიფიციური მზარეულის მოძიება დეფიციტური გახდა. უცხოეთთან შედარებით საქართველოში კვალიფიციურ კადრებზე დაბალი ხელფასია, რადგან ბაზარი არ იძლევა საშუალებას მზარეულს 3000 ლარზე მეტი გადაუხადო რეგულარულად. გამოცდილი და მცოდნე მზარეული კი ამ თანხაზე არ თანხმდება და ურჩევნია ემიგრაციაში წავიდეს და იქ 3-4-ჯერ მეტი აიღოს. აქ უმეტესად დარჩნენ ისეთები, რომლებიც ნაკლებად მცოდნენი არიან, თუმცა მაღალ ანაზღაურებასაც არ ითხოვენ. საბედნიეროდ შევძელი და შევინარჩუნე კვალიფიციური კადრები, თუმცა პანდემიის დროს ეს ბიზნესისთვის ძალიან რთული იყო“, — აღნიშნა გიორგი საღინაძემ.
ქეითერინგ კომპანიის დამფუძნებელმა კონკურენციაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ პანდემიის პერიოდში ბევრი კომპანია გაჩერდა, თუმცა ბოლო დროს ახალი ორგანიზაციები გამოჩნდნენ, რადგან ეს სექტორი ისევ მიმზიდველი და მომგებიანი გახდა.