2020 წლის 1 იანვრიდან „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსში“ ცვლილებები შევიდა, რომლის მიხედვითაც, პროდუქტის ბაზარზე ზედამხედველობას ახალი უწყება - ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტო განახორციელებს. ინფორმაციას სააგენტო ინტერპრესნიუსი ავრცელებს.
ცვლილების მიზანი ის არის, რომ როდუქტის ბაზარზე ზედამხედველობა და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტებზე ნებართვის გაცემა ერთი და იმავე ორგანომ არ განახორციელოს. სააგენტო ეკონომიკის სამინისტროს სსიპ-ი იქნება.
სააგენტო მონიტორინგს გაუწევს მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველ ობიექტებს, რომელთა წარმოება, მშენებლობა, მონტაჟი, შენახვა, ტრანსპორტირება, ბრუნვა, გამოყენება და განადგურება შეიცავს ნგრევის, აფეთქების, ემისიისა და ინტოქსიკაციის შესაძლებლობას. სააგენტო დაარეგულირებს იმ პროდუქტების ზედამხედველობის საკითხებსაც, რომელთა მიმართ დადგენილია მოთხოვნები შესაბამისი ტექნიკური რეგლამენტით.
სააგენტო არ დაარეგულირებს იმ პროდუქტების ზედამხედველობის საკითხებს, რომლებზედაც ვრცელდება სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსის მოქმედება.
სააგენტოს წარმომადგენლების მიერ ბაზარზე პროდუქტის ზედამხედველობის განხორციელების პროცესში ხელის შეშლა 1000 ლარამდე დაჯარიმდება.
სააგენტოს დადგენილების შეუსრულებლობა, რომელიც პროდუქტის რეალიზაციის შეჩერებას შეეხება, გამოიწვევს ეკონომიკური ოპერატორის დაჯარიმებას 1500 ლარამდე; პროდუქტის ამოღების შესახებ დადგენილების შეუსრულებლობა − გამოიწვევს დაჯარიმებას 3 000 ლარამდე; პროდუქტის გამოთხოვის შესახებ დადგენილების შეუსრულებლობა − გამოიწვევს დაჯარიმებას 5 000 ლარამდე; პროდუქტის განადგურების შესახებ დადგენილების შეუსრულებლობა − გამოიწვევს დაჯარიმებას 7 000 ლარამდე;
კანონპროექტის მიხედვით, დაკისრებული შესაბამისი ჯარიმა დამრღვევმა უნდა გადაიხადოს დაჯარიმების შესახებ გადაწყვეტილების მისთვის ჩაბარებიდან 30 დღის ვადაში. დამრღვევმა ჯარიმის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტოს უნდა წარუდგინოს მისი გადახდიდან 5 დღის ვადაში.