პრეზიდენტმა ბაიდენმა შუალედურ გამარჯვებს მიაღწია - მის მიერ წარდგენილი სოციალურ-ეკონომიკური პროგრამის ნახევარი კონგრესმა უკვე დაამტკიცა, მეორეს 2-3 კვირის შემდეგ მიიღებს.
კერძოდ, დემოკრატიულმა პარტიამ ხანგრძლივი დებატების შემდეგ მიიღო ინფრასტრუქტურის შესახებ კანონი - მომდევნო 5 წლის მანძილზე აშშ-ის მთავრობა გზებში, აეროპორტებში, ელექტროტრანსპორტში, ფართოზოლიან ინტერნეტში, წყალგაყვანილობაში, და ა.შ. 1,2 ტრლნ. დოლარს ჩადებს.
გეგმაში უკვე კონკრეტულად გაწერილია - გზებზე და ხიდებზე $110 მლრდ, რკინიგზაზე $66 მლრდ, ელექტრომობილების დამტენი სადგურების ქსელის განვითარებაზე, სასკოლო ელექტრომობილებზე და ეკოლოგიურად სუფთა საზოგადოებრივ ტრანსპორტზე $15 მლრდ დაიხარჯება.
თავიდან კანონი ინფრასტრუქტურული ინვესტიციების შესახებ სოციალური დახმარების და კლიმატური ცვლილებების საწინააღმდეგო ზომების 1,75-მილიარდიან პაკეტთან ერთად უნდა მიეღოთ. თუმცა, საბოლოო ჯამში ეს ორი მიმართულება გაიმიჯნა.
პირველი კანონი ამერიკას ბოლო 35 წლის მანძილზე სატრანსპორტო ქსელის ყველაზე მასშტაბური მოდერნიზების საშუალებას მისცემს, მეორე კი 60-ანი წლების ყველაზე ფართო სოციალური პროგრამა იქნება.
თუმცა, სწორედ გეგმების მასშტაბურობამ შეუშალა ხელი მათ მიღებას - დემოკრატიული პარტიის ზომიერი ფრთა სოციალური გეგმის გადახედვას ითხოვდა, ხოლო მემარცხენეები პირიქით - სოციალური ხარჯების ზრდას და ორივე კანონის ერთ პაკეტში მიღებას მოითხოვდნენ.
შედეგად, განხილვა რამდენიმეჯერ გადაიდო. ეს პროცესი უსაშველოდ გაიწელა, რაც პოლიტიკური ხასიათის პრობლემას წარმოადგენდა.
დემოკრატიული პარტიისთვის ძალიან მნიშვნელოვანია წინასაარჩევნო დაპირებების შესრულება და ოპონენტების შეტევების მოგერიება, რომლითაც რესპუბლიკური პარტია 2022 წლის შუალედურ არჩევნებზე გამარჯვებას აპირებს.
ამ საკითხის მნიშვნელობიდან და სირთულიდან გამომდინარე, დებატებში პირადად ჯო ბაიდენი ჩაერთო - პროექტის განხილვაზე გამოტანამდე ის ჯერ ზომიერთა ფრაქციის, შემდეგ კი მემარცხენე ფლანგის წარმომადგენლებს შეხვდა.
შედეგად, დემოკრატებმა შეთანხმებას მიაღწიეს - მემარცხენეებმა ერთ პაკეტად ორივე კანონის მიღებაზე უარი თქვეს, ზომიერებმა კი სოციალური პაკეტის დანახარჯების შემცირების მოთხოვნა დღის წესრიგიდან მოხსნეს.
1,2 მლრდ-ანი ინფრასტრუქტურის კანონს მხარი წარმომადგენელთა პალატის 228 წევრმა მისცა, წინააღმდეგ კი - 206-მა. საინტერესოა, რომ კანონის წინააღმდეგ 6 დემოკრატი გამოვიდა, რესპუბლიკელებს შორის კი 13 მომხრე აღმოჩნდა.
სენატმა კანონი ჯერ კიდევ აგვისტოში მიიღო, შესაბამისად, დოკუმენტის ამოქმედებას მხოლოდ პრეზიდენტის ხელმოწერა სჭირდება.