ბრიტანული საინფორმაციო სააგენტო BBC-ის ინფორმაციით, ფინეთი NATO-ში გაწევრიანების პროცესს მიმდინარე კვირიდან დაიწყებს. აღნიშნული გადაწყვეტილება ევროპის უსაფრთხოების გარემოს მნიშვნელოვნად შეცვლის. უკვე ცნობილია, რომ ფინეთის NATO-ში გაწევრიანება მიუღებელი იქნება კრემლისთვის. თუმცა, რუსეთის უკრაინაში შეჭრამ ფინეთის მოსახლეობაში კოლექტიური მეხსიერება გამოაღვიძა და NATO-ში გაწევრიანების მსურველთა რაოდენობა გაიზარდა.
ცნობისთვის, ფინეთს რუსეთთან 1,300-კილომეტრიანი სახმელეთო საზღვარი აკავშირებს. შესაბამისად, ქვეყნის ჩრდილო-ატლანტიკურ უსაფრთხოების ალიანსში გაწევრიანება რუსეთის ეროვნულ ინტერესებს ეწინააღმდეგება. აღსანიშნავია, რომ ფინეთის შეიარაღებული ძალები NATO-ს სტანდარტებთან სრულ შესაბამისობაში იმყოფება, თუმცა ნეიტრალიტეტი მოსახლეობის არჩევანი იყო. ახლა კი კვლევებით დასტურდება, რომ უკრაინაში რუსული აგრესიის ფონზე მოსახლეობის განწყობაც იცვლება.
თავდაპირველად ფინეთისა და შვედეთის მთავრობების NATO-ში გაწევრიანების პროცესის დაწყებისათვის მზაობის შესახებ ინფორმაცია რამდენიმე კვირის წინ გავრცელდა. BBC-ის ცნობით, კი ამ მიმართულებით კონკრეტული ნაბიჯების გადადგმას ფინეთის მთავრობა მიმდინარე კვირიდან დაიწყებს.