ბელარუსი და რუსეთი გაზის სამწლიან ფიქსირებულ ფასზე პირველად შეთანხმდნენ. ამის შესახებ ბელარუსის პრემიერ-მინისტრმა რომან გოლოვჩენკომ განაცხადა.
„უახლოეს მომავალში შესაბამისი სამინისტროები ხელს მოაწერენ ხელშეკრულებას ბელარუსში ბუნებრივი აირის მიწოდების შესახებ და ფასი, სამი წლის განმავლობაში, პირველად იქნება ფიქსირებული“, - იუწყება SB News-ი.
გოლოვჩენკომ განაცხადა, რომ დადგენილი ფასი ბელარუსისთვის მომგებიანი და კომფორტულია და კომერციული ფასი, რომელზეც პრეზიდენტები შეთანხმდნენ, ბელარუსის წინადადებას ეფუძნება.
შეგახსენებთ, რომ ბელარუსმა გაზის საფასურის რუსული რუბლით გადახდა 2022 წლის აპრილში დაიწყო, მაგრამ მინსკი და მოსკოვი გაზის მიწოდების ფასს არ ასაჯაროებენ. მანამდე, 2021 წელს და 2022 წლის დასაწყისში, ბელარუსია 1000 კუბურ მეტრ რუსულ გაზში 128,52 დოლარს იხდიდა.