ევროკავშირი რუსეთის გარდა სანქციებს ბელარუსსაც დაუწესებს. ქვეყნის სამი ბანკი და მათი შვილობილი კომპანიები SWIFT-იდან გაირიცხება. ამას გარდა, ქვეყანაში აიკრძალება ევროების შეტანა ნაღდი ფულის სახით. შეზღუდვები შეეხება ბელარუსის ეროვნულ ბანკსაც. ევროპის ბანკებში კი ბელარუსის მოქალაქეებისთვის 100 ათას ევროზე მეტი თანხის შეტანა იკრძალება.
როგორც ევროკომისიის განცხადებაშია განმარტებული, სანქციები ბელარუსზე უზრუნველყოფს, რომ რუსეთმა ბელარუსის მეშვეობით მის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს გვერდი არ აუაროს.
ევროკავშირი რუსეთისთვის ახალი სანქციების დაწესებაზე დღეს, 9 მარტს შეთანხმდა. როგორც ევროკომისიის განცხადებაში წერია სანქციები დაუწესდება 14 რუს ოლიგარქს, ბიზნესმენს, რუსეთის ფედერაციის საბჭოს 146 წევრსა და მათ ოჯახის წევრებს. სანქციები ითვალისწინებს 100 პირისთვის მოგზაურობის აკრძალვასა და აქტივების გაყინვას.
საერთო ჯამში ევროკავშირის შემზღუდავი ზომები ვრცელდება 862 ფიზიკურ პირსა და 53 სუბიექტზე.
mtavari.tv